ავტორი სალომე უერთაშვილი
„ეს გახლავთ დედაქალაქის ცხოვრებაში ყველაზე უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც უმტკივნეულოდ და ჯანსაღად ხორციელდება მსაგვსი ტიპის პროექტი", - ამის შესახებ თბილისის მერიის წარმომადგენელმა საკრებულოში ოთარ აბესაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა.
როგორც აბესაძე აღნიშნავს, აბსოლუტურად ყველა გარემოვაჭრე დაკმაყოფილებულია სავაჭრო ადგილით.
„სხვადასხვა ლოკაციაზე ენით აღუწერელი ანტისანიტარია იყო, რომელიც აზიანებდა როგორც მყიდველს, ასევე დედაქალაქის მოსახლეობის ინტერესებს. მეტრო „მარჯანიშვილის" წინ, თბილისის ცენტრალურ უბანში დახლი არ უნდა იყოს, ამაზე ვთანხმდებით ყველა, ეს იყო საზოგადოების დაკვეთა. ჩვენც ვცდილობთ, თბილისი იყოს ევროპული დედაქალაქი.
რაც შეეხება მოვაჭრეებს, ჩვენ მათ ბედის ანაბარა არ ვტოვებთ, პირიქით მოლაპარაკება გვქონდა საქართველოს ბაზრობათა ასოციაციასთან, აბსოლუტურად ყველა გარემოვაჭრე დაკმაყოფილებულია სავაჭრო ადგილით. პირველი ექვსი თვის განმავლობაში მათ თანხის გადახდა არ უწევთ, შემდეგ კი, როგორც ყველა მოვაჭრე, გადაიხდიან თავიანთ საიჯარო გადასახადს.
უკანონო გარევაჭრობა პრობლემა იყო იმ მოვაჭრეებისთვის, რომლებიც კანონის სრული დაცვით იხდიან გადასახადებს. აუცილებლად უნდა იყოს თანაბარი კონკურენტული პირობები, გარევაჭრობის შემთხვევაში კი, ვიღაც პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მარჯანშვილის მოედანზე აქვს დახლი, რაც ყველანაირ ნორმას ეწინააღმდეგება. ლუკმაპურის გარეშე არავის ვტოვებთ. სახელმწიფო იძლევა გარანტიას, რომ მათ ექნებათ შესაბამისი ინვენტარი.
ზოგადად, ახლა ყველაფერში პოლიტიკას ხედავენ, ეს მარაზმია უკვე და ამაზე საუბარი სასაცილოა. ქალაქის, მოსახლეობის, თვითონ მოვაჭრეების ინტერესების დაცვა ცუდია? ბოდიში ყველასთან, მაგრამ თბილისის ცენტრში კოლგოტების დახლი არ დაიდგმება", - აცხადებს აბესაძე.