სომხური მხარე უარყოფს, რომ აზერბაიჯანმა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები შეაჩერა. "აზერბაიჯანის განცხადება არასწორია და ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს", - წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი არცრუნ ჰოვანისიანი.
სომხური მხარის ცნობით, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. თავის მხრივ, რამდენიმე საათის წინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში კონტრშეტევით ოპერაციას ცალმხრივ რეჟიმში აჩერებს.
სამხედრო დაპირისპირება მხარეებს შორის შაბათს დაიწყო, როცა აზერბაიჯანმა და სომხეთმა ბოლო 22 წლის განმავლობაში მთიანი ყარაბაღის ზონაში ყველაზე მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების შესახებ განაცხადეს. მხარეებს შეკავებისა და სამშვიდობო პროცესის განახლებისკენ მსოფლიო საზოგადოებამ მოუწოდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 12 აზერბაიჯანელი და 18 სომეხი სამხედრო მოსამსახურე.