logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: ეს ყველაფერი აკლია დღევანდელ ხელისუფლებას...
- +

3 მაისი. 2017. 17:56



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„სიხისტე, პრინციპულობა, გამბედაობა

 

რაც სათაურში დავწერე, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი აკლია დღევანდელ ხელისუფლებას. ხელისუფლებას ბევრი რამ აკლია, აკლია კარგად შეკრული გუნდი, აკლია ოპერატიულობა, აკლია დინამიურობა, აკლია მრავალმხრივი ანალიზი და გამართული კომუნიკაცია... და ეს ყველაფერი გამოსასწორებელია. და ეს თავად ხელისუფლების გასაკეთებელია. იმ ხელისუფლების, რომელსაც მხარს ვუჭერ, რომელსაც ხმა მივეცი და რომელსაც შემიძლია კიდეც მოვთხოვო ის ხარისხი, რომელსაც მისგან ველი. გადავწყვიტე ჩამოვწერო, რა მომწონს და რა არ მომწონს ჩვენი ხელისუფლების მუშაობაში.

 

მომწონს:

 

1. სტაბილური მუშაობა ეკონომიკის განვითარებისთვის

2. მშვიდი საგარეო-პოლიტიკური კურსი

3. სოციალური პოლიტიკა

4. პოლიციის აპოლიტიკურობა

5. უარის თქმა პიარმანიპულაციებსა და საზოგადოების მოტყუებაზე

6. მედიისა და სიტყვის თავისუფლება

7. განათლების პრიორიტეტად გამოცხადება

8. უარის თქმა ძალადობაზე

9. ტურიზმის ხელშეწყობა

10. მეწარმეობის და ფერმერობის მხარდამჭერი პროგრამები

 

არ მომწონს:

 

1.ხელისუფლების შტოებს შორის გაუმართავი მენეჯმენტი

2.გაუმჭვირვალობა და გაუგებრობა კვალიფიციური კადრების შერჩევაში

3.პასიურობა კომერციული ბანკების მაღალი საპროცენტო განაკვეთებისადმი

4. თვითმმართველობის ფორმალურობა

5. თავის შეკავება დამნაშავე ჩინოსნების დასჯის აფიშირებისგან

6. ქვეყნის თავდაცვის სფეროში რეფორმების გაუგებრობა

7. ელექტრონული სერვისების სიმცირე

8. სტანდარტიზაციის სიმცირე ბევრ სფეროში

9. ჩინოვნიკების შიში პასუხისმგებლობისადმი და გადაწყვეტილებების გადადება

10. ბევრ სტრატეგიულ საელჩოში ხელისუფლების ოპონენტების დატოვება

 

რეალურად, საზოგადოება ხელისუფლებისგან ითხოვს მეტ სიხისტეს, მეტ პრინციპულობას და მეტ გამჭვირვალობას. ხელისუფლების ამა თუ იმ შტოში ჩარჩენილი ან აღდგენილი, პორტირებული თუ დაკონსერვებული „ნაცი" კი არ არის პრობლემა, პრობლემა საკადრო პოლიტიკის გაუმართაობაა. საკმარისია, დაწესდეს ხისტი მოთხოვნები და კონკრეტული კრიტერიუმები და ამ მხრივ საუბრები მალევე შეწყდება. ამჟამად, უმუშევარი ან ქვეშევრდომი „ოცნების" მხარდამჭერი აღარ გამოთქვამს პრეტენზიას იმ თანამდებობაზე, რომლისთვის საჭირო კვალიფიკაციაც მას არ ექნება და თუ შესაბამისი ცოდნა აღმოაჩნდა „ნაცების" დროინდელ კადრს, მაშინ დანიშნავენ უფრო კვალიფიციურს. მაგრამ ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და გასაგები. ე.წ. „გასაუბრებები" არის სიმახინჯე. სანამ ეს სტანდარტები არ დამტკიცდება, მანამ იქნება მუდმივი ურთიერთბრალდებები და მამაძაღლობა „ნაცებით" და „ქოცებით". არ შეიძლება ამ სპეკულაციას შეეწიროს კვალიფიციური კადრები.

 

არ შეიძლება ჩინოვნიკების პასიურობა და საკითხების გაჭედვა უწყებების დერეფნებში! როცა მოქალაქე ხედავს, რომ მისი საკითხი იწელება ან არ წყდება ოფიციალურად, ის ეძებს არაოფიციალურ გზებს. და როცა არის მოთხოვნა, აუცილებლად ჩნდება მიწოდებაც! ჩნდება კორუფციული გარიგებების უბნები. კორუფციის ალაგმვის დაყოვნება კი დაანგრევს მენეჯმენს, ბევრად მარტივია იმ კვანძების გახსნა, სადაც გადაწყვეტილებები ყოვნდება და არ მიიღება. ან უნდა მოიხსნას იმ კონკრეტულ კვანძზე პასუხისმგებელი პირი, ან მისი უფროსი და სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს მენეჯმენტის სქემა, თუ შესაძლებულია, ეს სერვისი უნდა გახდეს ელექტრონული. ხელისუფლება არ უნდა მოერიდოს მისივე ზარმაცი, უპასუხისმგებლო და თაღლითი ჩინოსნების გამოვლენასაც და სამაგალითო დასჯასაც. ეს საზოგადოების მოთხოვნაა და ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

და ბოლოს, ამ ეტაპზე აშკარაა, რომ საზოგადოება მზადაა ხელისუფლების აქტიური და ხისტი მოქმედებებისთვის და მხარსაც დაუჭერს მას, თუ ეს გამოვლინებები იქნება პერმანენტული. გუშინ ხელისუფლებამ არ შემოუშვა რუსი ბაიკერები, მოიქცა ხისტად და პრინციპულად და საზოგადოებამ მოიწონა ეს ნაბიჯი. ერთი თვის წინ დაიჭირეს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსანი („ოცნების" წევრი) და „ოცნების" მხარდამჭერებმა მოიწონეს ეს ფაქტი, ყოველი მსგავსი მოქმედება იყო მოწონებული საზოგადოებისგან, ეს კი ნიშნავს, რომ მოსახლეობა ითხოვს მეტ პრინციპულობასა და უკომპრომისობას. საზოგადოებისთვის მეათეხარისხოვანია ნაცების, მათი განაყოფების ან რომელიღაც ოპოზიციური პარტიების კომენტარები(ეს თითიდან გამოწოვილი დისკურსი იარსებებს მანამდე, სანამ მედია არ განვითარდება და არ განათლდება რეალური, ხალხისთვის მნიშვნელოვანი თემების გაშუქებისა და ანალიზისთვის). ხალხს აინტერესებს არა ლაყბობა, არამედ ქმედებები, სხვა შემთხვევაში დემოკრატია შეიძლება იქცეს სისუსტის და უნიათობის სინონიმად, რასაც ასე თანმიმდევრულად უწყობენ ხელს ნაცები, რათა საზოგადოებას დააჯერონ, რომ ის დიქტატურა სჯობდა ამ დემოკრატიას.

 

არ სჯობია! და ამ ხელისუფლებას შეუძლია ამის დამტკიცება! შეუძლია კი არა, ხელისუფლებას მოუწევს ამის დამტკიცება, სხვა გზა არ არის", - წერს გიორგი უძილაური.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner