logo_geo
eng_logo
ჩვეულებრივი არაჩვეულებრივი ბაბუა - აკადემიკოსი ილია ვეკუა…
- +

3 მაისი. 2017. 20:04



აკადემიკოს ილია ვეკუას შვილიშვილების მარინა ვეკუასა და ილია თავხელიძის მოგონებებს ბაბუაზე პროფესორი მარინა ვეკუა სოციალურ ქსელში აქვეყნებს:


„კიდევ ერთ ტექსტს გთავაზობთ - ჩემი და ილიკოს „გაკვეთილები".

 

ადამიანი - გაკვეთილი

 

„ადამიანის ტვინი თუ დააძინე, სიამოვნებით დაიძინებს" (ილია ვეკუა)

 

როგორი იყო ჩვეულებრივი არაჩვეულებრივი ბაბუა - აკადემიკოსი ილია ვეკუა - დიდი მეცნიერი და დიდი ადამიანი.

 

ის, რომ ბატონი ილია იყო მსოფლიოში განთქმული მათემატიკოსი, ძალიან დიდი საზოგადო მოღვაწე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქე - საყოველთაოდ ცნობილია... მაგრამ ის, თუ როგორი იყო ბატონი ილია საქმის მიღმა, ბევრმა არ იცის.

 

მისი შვილიშვილები, პროფესორები მარინე ვეკუა და ილია (ილიკო, როგორც მას ბაბუა ეძახდა) თავხელიძე ხან სევდიანი თვალებით და ხანაც ბავშვური გულუბრყვილო სიცილით - ერთმანეთს მოყოლას არ აცლიდნენ. მათი საუბარი თითქოს ფრაგმენტებისგან შედგებოდა. ყოველი ფრაგმენტი კი ნამდვილი გაკვეთილი იყო.

 

გაკვეთილი 1 - მარინა ვეკუა

1965 წელი, ციმბირი, აკადემქალაქი

 

ლამაზი კოტეჯი, ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლი... ველოდები ინგლისური ენის მასწავლებელს. პირველი გაკვეთილი უნდა დაიწყოს. მასწავლებელს არ ვიცნობ, არ მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ მამაკაცია, დედა ინგლისელი ჰყავს, სახელად ჰქვია ტანკრეტი. მოულოდნელად ოთახში შემოდის ბაბუა, ხელში უკავია ინგლისური წიგნები. ვხვდები, რომ ჩემთვის არ არის განკუთვნილი. მე შემპირდნენ, თამაშით ისწავლიო. დიახ, მართლაც თამაშით დავიწყე სწავლა, აი, ბაბუამ კი ინგლისელ ტანკრეტთან ყოველდღიური მეცადინეობა დაიწყო, როგორც ბეჯითმა მოსწავლემ და ეს სწავლა გაგრძელდა დიდხანს. მოგვიანებით, ბევრჯერ მინახავს, როგორ სწავლობდა უცხო სიტყვებს ბაბუა მოხსენების თუ სტატიის ინგლისურად მომზადების დროს, როგორ თარგმნიდა და ვარჯიშობდა გამოთქმაში. მან შესანიშნავად ისწავლა ინგლისური (სრულყოფილად იცოდა რუსული). ეს იყო იმის მაგალითი, თუ რას ნიშნავს მიზანდასახულობა, საქმისადი სერიოზული დამოკიდებულება, სირთულეების დაძლევა. სხვათა შორის, მან მანქანის ტარება ისწავლა ყინულზე, დიახ, ნაღდ ყინულზე - მაშინ ციმბირში ვცხოვრობდით.

 

გაკვეთილი 2 - ილია თავხელიძე

1976 წლი, მოსკოვი

 

ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული, ორმაგად ამაღელვებელი დღე - პირველად უნდა წარვადგინო მოხსენება საერთაშორისო კონგრესზე - ეს ერთი. დილის სესიაზე ბაბუა კითხულობს მოხსენებას, საღამოს სესიაზე კი მე - ესეც ორი. სესიებს შორის შესვენება სამი საათია. ბაბუამ მთხოვა, ჩემი მოხსენება მეჩვენებინა. ცოტა ხნის შემდეგ მიხმო. მისი გამომეტყველება ზომაზე მეტად სერიოზული იყო, ცოტა გაბრაზებულიც. „შენ ამ მოხსენებას არ წაიკითხავ, აქ შეცდომაა!" - მითხრა მან. გამოსვლამდე ორი საათი მრჩებოდა. თავზარდაცემულმა დავიწყე ყურადღებით კითხვა, რათა მეპოვა შეცდომა, ბაბუამ ხომ არც მიმანიშნა. მესამედ წაკითხვისას ვიპოვე - მაკლდა ერთი სიტყვა - „ზოგიერთი", რაც მართლაც ცვლიდა მთელი დებულების არსს. მივირბინე ბაბუასთან და ვახარე, რომ შეცდომა ნაპოვნია და მე წავიკითხავდი მოხსენებას. ბაბუამ მაშინ მითხრა: „მეცნიერება - დაუნდობელი და კონკურენციით აღსავსე სფეროა. ახალბედა მეცნიერს არასდროს აპატიებენ შეცდომას, დიდ მეცნიერს კი შეცდომას, უბრალოდ, უყურადღებობაში ჩაუთვლიან".

 

ეს აღმოჩნდა ჩემთვის გაკვეთილი იმისა, თუ რას ნიშნავს პასუხისმგებლობა. ბაბუას პრინციპულობის გარეშე, ჩემი მეცნიერული სტარტი, შესაძლოა, ფიასკოთი დასრულებულიყო.

 

 

გაკეთილი 3 - მარინა ვეკუა

1963 წელი, ნიუ-იორკი, კენედის აეროპორტი

 

თვითმფრინავის სალონში სხედან ბატონი ილია და მისი მეუღლე, ქალბატონი თამარი. ცოტა ხანში თვითმფრინავი გეზს მოსკოვისკენ აიღებს. აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე, სტიუარდესა მოულოდნელად აცხადებს: „მადამ ვეკუა, მადამ ვეკუა". ბებია ძალიან აღელდა, წამოდგა, - „ილია, რა მოხდა, რაშია საქმე." ბაბუამ თავი მოიკატუნა, თითქოს არაფერი იცოდა, თვალები კი ბავშვურად უცინოდა. ამ დროს, სტიუარდესამ ბებიას ლამაზად შეფუთული დიდი კოლოფი გადასცა, რომელსაც დაკრული ჰქონდა პატარა ბარათი: „ქ-ნ თამარ ვეკუას, ილია ვეკუასგან, - ავენიუ, ნიუ-იორკი". კოლოფში იდო მეუღლისთვის მომზადებული სიურპრიზი - წავის მოსასხამი. მთელი თვითმფრინავის მგზავრები უცქერდნენ ამ ლამაზ წყვილს და იმდროინდელი სინამდვილისთვის უჩვეულო სცენას. ოდესღაც პატარა, შეშელეთელ ბიჭს ასე გალანტურად შეეძლო გამოეხატა დიდი სიყვარული და თაყვანისცემა. ბაბუა ნამდვილი ესთეტი იყო. სილამაზის ფასი იცოდა. ბებო მართლაც ძალიან ლამაზი იყო, თურმე ახალგაზრდობაში „შავ ბრილიანტს" ეძახდნენ.

 

გაკვეთილი 4 - ილია თავხელიძე

1972 წელი, მოსკოვი

 

ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა აკადემიკოსს სერგეი ნოვიკოვს, დიფერენციალურ გეომეტრიაში გამოცდა უნდა ჩავაბარო. პროგრამაში 96 საკითხი იყო. 66 კარგად ვიცოდი, დანარჩენი ბაბუას უნდა აეხსნა (ამის იმედი მქონდა იმ საღამოს, გამოცდის წინ).

 

ბაბუა სასტუმროში იყო. მივედი და საკითხების გარჩევა დავიწყეთ, მაგრამ არ დაგვცალდა - ბაბუასთან და მის კოლეგებთან ერთად რესტორანში აღმოვჩნდი. ვახშმის ბოლოს ავღელდი, მივხვდი, ვერაფერს ვასწრებდი. ბაბუამ გადმომხედა და მითხრა: „შენ თუ მართლაც იცი ის 66 საკითხი, დანარჩენსაც ამოხსნი. მთავარია, არ აჩქარდე და დაუკვირდი, რას გეუბნება მოცემულობა, მერე ჩაწვდი შეკითხვის არსს და გაიგე, რას გეკითხება ამოცანა".

 

ბაბუა მართალი აღმოჩნდა. გამოცდა წარმატებით ჩავაბარე. მას შემდეგ, მნიშვნელოვანი ამოცანის ამოხსნის დროს, არასდროს მიჩქარია - არც საქმეში და არც ცხოვრებაში. ვცდილობ, ყველა მოცემული პირობა და შესაძლებელი რისკები წინასწარ გავაანალიზო. აქამდე მიმართლებს.

 

გაკვეთილი 5 - მარინა ვეკუა

2007 წელი, თბილისი

 

ილია ვეკუას 100 წლის თარიღთან დაკავშირებული დღეები... ერთმა ნაცნობმა მკითხა: „თქვენ ხომ იცით იმ ადამიანების გვარები, ვის გამოც ბატონმა ილიამ იძულებით დატოვა საქართველო. რატომ არ დაწერთ სიმართლეს". იმიტომ, რომ ბაბუამ გვასწავლა ცხოვრება ისე, რომ შეძლო აპატიო ადამიანებს უღირსი საქციელი, აპატიო და არასდროს უპასუხო იგივეთი. დიახ, მან თავად აპატია ყველას ყველაფერი. მეტიც, წლების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულმა, უკვე აღიარებულმა დიდმა მეცნიერმა, ყველას შეუწყო ხელი პროფესიულ წინსვლაში. ჩვენს ოჯახში კი არასდროს ყოფილა ამ მძიმე თემაზე რაიმე სახით მსჯელობა და ვინმეს განსჯა.

 

ადამიანი კვალს საქმით ტოვებს. ეს გახდა ჩვენთვის - შვილიშვილებისთვის, მთავარი კრედო.

 

გაკვეთილი 6 - ილია თავხელიძე

1968 წლიდან თითქმის ყოველი კვირა დღე

 

ეს ის დღეები იყო, როდესაც მთელი ჩვენი ოჯახი, განსაკუთრებით შვილიშვილები და ბაბუას მეგობრები (ასევე ოჯახებთან ერთად) - ირაკლი აბაშიძე, შოთა ძიძიგური, ბენო ბალავაძე და სხვები - ქალაქგარეთ მივდიოდით. ძირითადად, ეს იყო ეკლესიები, ისტორიული ადგილები. ბაბუას ძალიან უყვარდა და კარგად იცოდა საქართველოს ისტორია, გატაცებით გვიყვებოდა იმ ადგილების შესახებ, სადაც მივდიოდით ხოლმე. ასეთი „გასეირნებებით" მართლაც გვაზიარა იმ სიწმინდეებსა და სიმდიდრეს, რაზედაც დგას ჩვენი ეროვნული ფასეულობები და ზოგადად - საკაცობრიო ღირებულებები, რაც ნამდვილად ურყევი საფუძველია ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის.

 

გაკვეთილი 7 - მარინა ვეკუა

1968 წელი, თბილისი

 

უნივერსიტეტი დაარსებიდან 50 წლისთავს ზეიმობს. ჯავახიშვილის სახელობის დარბაზში საიუბილეო სხდომა ტარდება. ბაბუა, როგორც რექტორი, დამსწრე საზოგადოებას მიმართავს. სიტყვის ბოლოს, იუბილე მიულოცა უნივერსიტეტის თანამშრომლებს, კოლეგებს. დამლაგებლებს სახელებითა და გვარებით მიმართა და მადლობა გადაუხადა (შემდგომში ამ ქალბატონებმა გულით დაიტირეს ბაბუა და ეს ნიუანსიც გაიხსენეს).

ბაბუა ადამიანებს სოციალური მდგომარეობით არასდროს არჩევდა. დილა იწყებოდა იმით, რომ ხელს ჩამოართმევდა მოსამსახურეს, მძღოლს, გულწრფელად მოიკითხავდა მათ ოჯახებს. ძალზე თავმდაბალი და უშუალო იყო. ეს კი ნამდვილად მაღალი კულტურის მქონე ადამიანს თუ შეუძლია.

 

გაკვეთილი 8 - ილია თავხელიძე

1967 წელი, ნოვოსიბირსკი, აკადემქალაქი

 

ზაფხულის მშვიდი, მზიანი დღე იყო. ბაბუამ საბანაოდ წაგვიყვანა ობის წყალსაცავზე, ფაქტობრივად, ზღვაზე. შუა ჭყუმპალაობის დროს, წყლიდან რაღაც ცეცხლწაკიდებული საგანი ამოვარდა, დიდ სიმაღლეზე აფრინდა და ცაში გაქრა. ხალხი პანიკამ მოიცვა. ყველა სასწრაფოდ აიკრიფა, ჩაცვივდნენ მანქანებში და იქაურობა დატოვეს. ჩვენც წამოვედით. საღამოთი ყველა ე. წ. მეცნიერთა სახლში შეიკრიბა. აქ მეცნიერები და მათი ოჯახების წევრები ატარებდნენ თავისუფალ დროს. იმ საღამოს ყველა აღელვებული იყო. უეცრად შემოდის აკადემიკოსი ლავრენტიევი და სიცილით მიმართავს საზოგადოებას: „რა, ძალიან შეგაშინეთ". თურმე, მან ჩაატარა სრულიად უვნებელი ცდა - როგორ გადაიტანდა აფეთქებით საგანს ერთი ადგილიდან მეორეზე. ის საგანი კი ნავთით სავსე ავზი იყო და ნავთმა დაიწყო წვა! ლავრენტიევს მოყვა ორი ასპირანტი - ექსპერიმენტის ავტორები. ზოგადად, ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ასპირანტები და სტუდენტებიც კი სწავლულებთან ერთად მონაწილეობდნენ სამეცნიერო კვლევებში და ცდებში. ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტი, რომლის დამაარსებელი და პირველი რექტორი ბაბუა იყო, ყოველთვის მჭიდროდ თანამშრომლობდა იქ ახლადდაარსებულ კვლევით ინსტიტუტებთან. ბაბუა ამ პროცესის მოთავე იყო. ამგვარი ინტეგრაციის მცდელობა მან თბილისშიც გააგრძელა. სწორედ მისი რექტორობის დროს შემუშავდა და დაიწყო უნივერსიტეტის ე. წ. კამპუსის: ერთიანი სასწავლო, კვლევითი და საცხოვრებელი სისტემის დაპროექტება და მშენებლობა. საბჭოთა პერიოდში, ეს უნივერსიტეტის განვითარების ძალზე თამამი ხედვა და გეგმა იყო. სწორედ იმ დროს დაარსდა უნივერსიტეტთან არსებული კვლევითი (გამოყენებითი მათემატიკის) ინსტიტუტი, სადაც სტუდენტი და პროფესორი ერთად „იპყრობდნენ" მეცნიერების მწვერვალებს. ბაბუამ გვასწავლა, რომ სიახლეები უნდა შევაფასოთ ოპტიმისტურად, დინჯად, დაფიქრებულად და თამამად.

 

გაკვეთილი 9 - მარინა ვეკუა

1972 წელი, თბილისი

 

ჩვენს ლამაზ მისაღებ ოთახში როიალთან ვზივარ და ვმეცადინეობ - ბახის კონცერტს ვსწავლობ. რომ დავასრულე, აპლოდისმენტები გავიგონე. თურმე, ბაბუა ზურგს უკან იდგა, მისმენდა და, ალბათ, მოეწონა კიდეც ჩემი დაკრული. მახსოვს მისი რეპლიკა: „თამარ (ბებიას მიმართა), ვერ გამიგია, რითი უკრავს ეს ბავშვი რიხტერზე უარესად". მანაც და მეც ძალიან კარგად ვიცოდით, რით უკრავდა რიხტერი ჩემზე კარგად, მაგრამ ისიც იცოდა, რომ მალე კონცერტი მქონდა და ასე წამახალისა. საერთოდ, სხვის შრომას ძალიან დიდ პატივს სცემდა, რითაც, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, საქმის კეთების დიდ სტიმულს აძლევდა.

 

გაკვეთილი 10 - მარინა ვეკუა

1979 წელი, თბილისი

 

ბაბუა იაპონიიდან ბრუნდება. რაღა თქმა უნდა, ბევრი საჩუქრით (თავისთვის ჩამოჰქონდა მხოლოდ „იარაღი" - „პარკერის" კალმები). ამჯერად, დიდი ყუთი ჩამოიტანა - ეს აღმოჩნდა ბოლო თაობის ფირფიტების დასაკრავი „პიონერი". ზედ მოაყოლა ფირფიტა თავისი საყვარელი კომპოზიტორის ბოროდინის და მისთვის უსაყვარლესი შალიაპინის ჩანაწერებით. საერთოდ, მას ძალზე მრავალი ინტერესი ჰქონდა: ნადირობა, ლიტერატურა, ისტორია, ფოტოგრაფია, კლასიკური მუსიკა, ხალხური მუსიკა (ძალიან უყვარდა ოთარ თაქთაქიშვილის მეგრული სიმღერების ციკლი ზურაბ სოტკილავას შესრულებით); აკვირდებოდა ქართული და იაპონური გვარების ვერბალურ მსგავსებას.

 

ალბათ, ამიტომაც, ჩვენში ბევრმა სხვადასხვა ინტერესმა იჩინა თავი. ცოტა მოზრდილებმა კი გავაცნობიერეთ, რომ მხოლოდ ერთ ვიწრო გარემოში ჩაკეტილი ადამიანი მოსაწყენია. ვფიქრობ, სწორედ აქ არის, მაგალითად, ილიკოს ანტიკური ფილოსოფიით და ისტორიით გატაცების სათავე, ასევე ჩემი, როგორც ჟურნალისტის არჩევანიც და ბევრი სხვა.

 

გაკვეთილი 11 - ილია თავხელიძე

1975 წელი, მალთაყვა

 

დატვირთული, საქმიანი დღის შემდეგ, საღამოს, ზღვის პირას, პატარა სახლის აივანზე, ვიწრო წრეში ვახშამი გაიმართა. შესანიშნავი პეიზაჟი, მშვიდი გარემო, გემრიელი პურმარილი, მელოდიური ხალხური სიმღერები. ნელ-ნელა სტუმრებიც დაიშალნენ. ვერ შევამჩნიე ბაბუას გასვლა, მაგრამ ზუსტად მახსოვს მისი დაბრუნება. მან შხაპი მიიღო და სამუშაოდ მოემზადა - უჯრედებიანი „სქელი" რვეული და „პარკერი" დაიკავა ხელში. ბაბუა, ძირითადად, ღამის საათებში მუშაობდა. ეძინა ძალიან ცოტა. მის ლექსიკონში (და შესაბამისად ჩვენშიც) არ არსებობდა „დავიღალე". მასპინძლებმა გაკვირვება ვერ დამალეს. მან კი გაღიმებულმა გვითხრა: ადამიანის ტვინი თუ დააძინე, სიამოვნებით დაიძინებსო. მაშინ სამუდამოდ გავაცნობიერე, რომ მუდმივი შრომა, დაუღალავი შრომა, მიზანდასახული შრომა ყველა წარმატების საწინდარია.

 

...

აქ წყდება, მაგრამ არ სრულდება ჩვეულებრივი არაჩვეულებრივი ბაბუის გაკვეთილები, რომლებმაც ღრმა შთაბეჭდილება და დიდი გავლენა მოახდინეს ჩემს რესპონდენტებზე. დარწმუნებული ვარ, არამარტო მათზე...", - წერს მარინა ვეკუა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner