ღია წერილი ყოფილ „ნაციონალს", ამჟამად „ევროპულ საქართველოელ" დავით ბაქრაძეს
ბატონო დავით, დავით ბატონო, გამარჯობა!
მიუხედავად იმისა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩაიდინა და კვლავაც აგრძელებს პროვოკაციებს თუ დემაგოგიას, თქვენ მაინც ერთ-ერთ ნორმალურ ადამიანად მიმაჩნდით. თქვენთან, ასე თუ ისე, სააკაშვილის ზეობის ხანაში, მაინც შეიძლებოდა ლაპარაკი ამა თუ იმ თემაზე. ამიტომ, ვფიქრობ, ახლაც შეგიძლიათ რაღაცის გაგება და გაანალიზება.
ორიოდე დღის წინ გამოაცხადეთ, კარდაკარ ჩამოვივლით, ყველა ოჯახში მივალთ და ჩვენს უფროსს, ანუ ხალხს ვკითხავთ, ჩავატაროთ თუ არა პლებისციდი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზეო. ამ შემთხვევაში, ჩემთვის, როგორც ერთ-ერთ-ერთი თქვენი „უფროსისთვის", გაუგებარია, საერთოდ რა პრეტენზიები გაგაჩნიათ ამ საცოდავი კონსტიტუციის მიმართ, რადგან კარგად მახსოვს, როგორ გააუპატიურეთ, როგორც ჩემი სოფლელი რუსი ვასია იტყოდა, როგორ „მიჩერ-მოჩერით" და „მიტკან-მოტკანით" იგივე კონსტიტუცია მიშას პრეზიდენტობის ბოლო 2 წლის განმავლობაში!
რატომ მოიქეცით ასე? იმიტომ, რომ, ვინაიდან, მიშას პრეზიდენტობის მეორე ვადაც ეწურებოდა და მესამედ კენჭისყრის უფლება აღარ ჰქონდა, გადაწყვიტა, გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი, ანუ საქართველოში გაეთამაშებინა პუტინის სცენარი. სხვათა შორის, პუტინს კონსტიტუცია არ შეუცვლია, გახდა პრემიერი იმ უფლებებით, რაც კანონმდებლობით გააჩნდა და შემდეგ ისევ გაპრეზიდენტდა. მიშა ასე არ მოიქცა, გადაწყვიტა პრემიერობა, ყველა უფლება აჰყარა მომავალ პრეზიდენტს და მთელი ძალაუფლება გადასცა პრემიერს, ანუ მთავრობას საპარლამენტო რესპუბლიკად „გადაკეთების" შირმით!
აი, ფოტოც ვიპოვე, რომელიც გადაღებულია სასტუმრო „რედისონში" კონსტიტუციის გაუპატიურების დასკვნით პრეზენტაციაზე, სადაც თქვენ ძალიან კარგ ხასიათზე ბრძანდებოდით და არაფერი გაგიპროტესტებიათ. პირიქით, ამტკიცებდით, რომ ეს იყო იდეალური ვარიანტი. რასაკვირველია, მართლაც იყო იდეალური, ოღონდ თქვენთვის, „ნაციონალებისთვის". მაშინ ჯერ ბიძინა ივანიშვილი ჰორიზონტზეც არ ჩანდა და ვერც კი წარმოიდგენდით, ვინმე თუ ჩამოგართმევდათ ძალაუფლებას. ფოტოზე ვართ: ავთანდილ დმეტრაშვილი, სოსო ცინცაძე, მე და თქვენ. იცით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მაშინ ხალხის გულშემატკივარ „რუსთავი 2" ამ საკითხებზე? მახსოვს, მოდის კორესპონდენტი სოსო ცინცაძესთან და ეუბნება:
- ბატონო სოსო, მოდით, ჩაგწერთ, პრეზენტაციის შემდეგ შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ.
- კი, მაგრამ ჯერ ხომ პრეზენტაცია არც კი დაწყებულა, რა უნდა გაგიზიაროთ? - მხრებს იჩეჩავს ცინცაძე.
-არაუშავს, ვითომ უკვე დამთავრდა, ჩვენ ვერ დაგელოდებით, სხვა ღონისძიებაც უნდა გავაშუქოთ.
არ ვიცი, რაღაც ჩაწერეს, კაცი დაბნეული იყო, ვანგა ხომ არ ვარ, მე რა ვიცი, რა მოხდება და ვინ რას იტყვისო? სამწუხაროდ, არავის არაფერი უთქვამს, კონსტიტუციის ახალი, მიშაზე ჩოხასავით მორგებული ვარიანტი ტაშის გრიალით მიიღეთ!
რა სისულელეები ჩაწერეთ მაშინ კონსტიტუციაში? ის სისულელეები, რის გასწორებასაც ცდილობს დღეს საპარლამენტო უმრავლესობა. კერძოდ: არ შეიძლება, ორმა თუ სამმა ე.წ. წამყვანმა პარტიამ ჩაიბას მკვდარი სულები, ანუ უკვე გარდაცვლილი პარტიები, ეს გარდაცვლილები ისხდნენ სახლში და ფინასდებოდნენ ბიუჯეტიდან (წელიწადში 300 ათასი ლარით). როდესაც პლებისციდის თაობაზე მიხვალთ ოჯახებში, თქვენს „უფროს" საზოგადოებას ჯერ ის აუხსენით, როგორ გყავთ ჩაბმული წლების განმავლობაში შოთა მალაშხია თავისი ერთკაციანი მკვდარი პარტიით („ქრისტიან-კონსერვატიული" პარტია) და როგორ აკეთებინებთ ფულს. არც ამ ადამიანის დამსახურებების ჩამოთვლა დაგავიწყდეთ ქვეყნისა და ერის წინაშე!
გავიგე, ჩემი მეგობარი ირმა ინაშვილიც უკმაყოფილო ყოფილა საკონსტიტუციო ცვლილებებით. თურმე იძახის, სახელმწიფო კომისიამ იმედები გაგვიცრუაო. რასაკვირველია, გაუცრუებდა, აბა, რა? ის ხომ არასოდეს ახსენებს, როგორ წამოიკიდა „პატრიოტთა ალიანსმა" 3 თუ 4 მკვდარი სუბიექტი (პარტიებსაც ვერ ვუწოდებ) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და როგორ გაუშანსა მათ დაფინანსება ბიუჯეტიდან? ეგ კი არა, თავიდან მასთან დაბლოკების საკითხზე პაატა დავითაია და ბაჩუკი ქარდავაც კი დაძვრებოდნენ, მაგრამ რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ირმა მიხვდა, რომ ნამეტანი იქნებოდა და გადაიფიქრა. მაშინ პირადად მივწერე, ეს არ გააკეთო, საქმეს მაგრად გაიფუჭებ-მეთქი.
შემდეგი საკითხი: როგორ ხდება, რომ პარლამენტში შედის 3 პარტია და საბიუჯეტო სუფრას უჯდება 20 პარტია? ააა... ვინც კი საპარლამენტო არჩევნებში ვერ გადალახა ბარიერი, ვერ მოხვდა საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ გადალახა 3%, უნდა დავაფინანსოთ, ხომ? იმიტომ უნდა დავაფინანსოთ, რომ ხელი შევუწყოთ პარტიების განვითარებას, ხომ? რა განვითარება, რი ატმი კურკ, რომელი ათშაურიანი ბალი? მაგალითად, დღეს პაატა ბურჭულაძის პარტია ფინანსდება 300 ათასი ლარით, რომელსაც ცნობილი ბანი ითვისებს ვინმე მაჭუტაძის ხელით. როცა პლებისციდზე მიხვალთ, ბატონო დავით, ოჯახებში, არ დაგავიწყდეთ მაჭუტაძის დამსახურებების ჩამოთვლა ქვეყნისა და ერის წინაშე!
იგივე უფროსობას, ანუ საზოგადოებას ძალიან აინტერესებს, როგორ ხდება, რომ პარტია ვერ ლახავს ბარიერს, პარლამენტში გაჰყავს მხოლოდ 1 მაჟორიტარი, შემდეგ ეს პარტია თხოულობს 5 დეპუტატს უმრავლესობიდან, ქმნის 6-კაციან ფრაქციას, რომელიც ფინანსდება 600 ათასი ლარით? აუხსენით „ნაჩალნიკობას", როგორ ხდება, რატომ იძლევა კანონი იმის საშუალებას, რომ გოგი თოფაძის დამარცხებული პარტია ბიუჯეტიდან იღებს 600 ათას ლარს? როდესაც ირაკლი კობახიძე ამბობს, პარლამენტში უნდა იყოს იმდენი ფრაქცია, რამდენი პარტიაც შევაო, ეს გახლავთ სამართლიანი გადაწყვეტილება, რათა თქვენ და თქვენნაირებს აღარ მიეცეთ საშუალება, მილიონები ფლანგონ ჩვენი ჯიბეებიდან!
ჰოდა, იმას გეუბნებით, ბატონო დავით, აზრი არ აქვს, ახლა „ევროპულ საქართველოელი" ხართ თუ მომღიმარი დემოკრატი, ეს კონსტიტუცია თქვენი „მიტკნულ-მოტკნულია" და ძალიან დაგვავალებთ, თუ ხმას მაინც არ ამოიღებთ ჭეშმარიტ პლურალიზმზე, ამის უფლება უბრალოდ არ გაქვთ!
ჰო, კიდევ ერთი: პრეზიდენტი, რომელიც სრული ფორმალობაა, არ უნდა ავირჩიოთ პირდაპირი წესით. ასე დაიზოგება (წესით უნდა დაიზოგოს), სულ მცირე, ორი ათეული მილიონი ლარი (თუ მეტი არა). პრეზიდენტს, რომელსაც მხოლოდ სიმბოლური მოვალეობები გააჩნია, უნდა გამოვიდეს პომპეზური სასახლიდან, რომლის შენახვაც ქვეყანას ასევე მილიონობით ლარი უჯდება და საერთოდ, რა საჭიროა პრეზიდენტი, რომელიც მხოლოდ ვეტოს დადებითაა დაკავებული და მის ვეტოს არ აქვს არანაირი ძალა?!
გელა ზედელაშვილი.