ავტორი მარიამ პაიჭაძე
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელმა, როლანდ ბლადაძის ადვოკატემა არჩილ კაიკაციშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე როლანდ ბლადაძის წართმეულ ქონებასთან დაკავშირებით არსებულ დავაზე ისაუბრა. კაიკაციშვილის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე დავას ბლადაძე უზენაეს სასამართლოში გააგრძელებს.
„მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებასთან დაკავშირებით ჩვენ ვაკეთებთ პირველ შეფასებასა და განცხადებას მას შემდეგ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინება ჩავიბარეთ და მის სამართლებრივ დასაბუთებას გავეცანით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება არა მხოლოდ დაუსაბუთებელი, არამედ უკანონოა. ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, პირველად მოხდა, როდესაც არაკეთილსინდისიერი შეძენისა და ფლობის სასარჩელო მოთხოვნა სასამართლომ განიხილა ადმინისტრაციული წესით, როდესაც არაკეთილსინდისიერების დადგენის ფაქტს, საერთო სასამართლოებში სამოქალაქო სამართალწარმოება განიხილავს. ამ თვალსაზრისით თბილისის სააპელაციო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად, ეს პირდაპირ კავშირშია საპროცესო კანონმდებლობისა და კონსტიტუციური პრინციპის მნიშვნელოვან დარღვევასთან. ამ თვალსაზრისით, როლანდ ბლადაძეს მნიშვნელოვნად შეელახა სამართლიანი სასამართლოს უფლება, საკუთრების უფლება. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიღებული მართლმსაჯულების აქტი არა მხოლოდ დაუსაბუთებელი, არამედ უკანონოა", - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
არჩილ კაიკაციშვილის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებაში მრავლად არის დაუსაბუთებელი არგუმენტები და ის არა მხოლოდ დაუსაბუთებელი, არამედ უკანონოა.
„გარდა იმისა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა და საპირწონე სამართლებრივი დასაბუთება არ შემოგვთავაზა განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილება სავსეა დაუსაბუთებელი არგუმენტებით. მათ შორის, სასამართლომ არ გაიზიარა ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება და დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ჩვენ სასამართლო ძალით დავამტკიცეთ, რომ როლანდ ბლადაძე არის უდანაშაულო. 2013 წლის 12 აპრილის პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, როლანდ ბლადაძის მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, გაუქმდა ძებნა და დაპატიმრების ბრძანება. აღნიშნული დადგენილება საფუძვლად დაედო იმ მტკიცებას, რომ როლანდ ბლადაძეს 2004 წელს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობით ქონება ქალაქ ბათუმში ჩამოერთვა დანაშაულის ნიშნების არარსებობის პირობებში და აღნიშნული ქონება სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად გადაეცა გიორგი პაპუაშვილს. ჩვენ სასამართლოს მეშვეობით აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე დავასაბუთეთ, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში გიორგი პაპუაშვილის საკუთრების გრაფასთან მიმართებაში არსებობს საწინააღმდეგო დოკუმენტი, რომელიც მისი, როგორც მესაკუთრის უფლებას ეჭვქვეშ აყენებს. ჩვენ სასამართლოს ძალით დავასაბუთეთ, რომ პროკურატურის 2013 წლის დადგენილების თანახმად, გიორგი პაპუაშვილი აღნიშნული ქონების არაკეთილსინდისიერი შემძენი და მფლობელია.
სამწუხაროდ, სასამართლომ არ იმსჯელა აღნიშნულ ოქროს მტკიცებულებაზე და მიუთითა, რომ 2004 წლის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც როლანდ ბლადაძეს ქონება ჩამოერთვა, კანონიერ ძალაშია. შესაბამისად, ვიდრე აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუქმდება, გიორგი პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერი შემძენობის ფაქტთან დაკავშირებით, თითქოსდა პალატა ვერ იმსჯელებდა.
მინდა, საზოგადოებას მკაფიოდ მივაწოდო ინფორმაცია, რომ მართალია, 2004 წლის სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია, რომლითაც როლანდ ბლადაძეს ქონება ჩამოერთვა, თუმცა ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც 2004 წლის სასამართლო გადწყვეტილებას გააუქმებს. რადგან 2004 წლიდან 2009 წლამდე კანონით დადგენილ 5-წლიან ხანდაზმულობის ვადაში უნდა მომხდარიყო აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მხარემ 2013 წლის პროკურატურის მიუკერძოებელი გამოძიების საფუძველზე მხოლოდ 2013 წელს მიაღწია უდანაშაულობის დამტკიცებას და აღნიშნული მტკიცებულება, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რომელიც კანონიერ ძალაშია და კანონის თანახმად, ის ვერასდროს გაუქმდება, არის უპირატესი იურიდიული ძალის დოკუმენტი. შესაბამისად, სასამართლო არ დაეყრდნო მხარის ამ მტკიცებას და მაღალ იურიდიულ ინტერესს, რომ ქონებრივ უფლებებში აღდგენა სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე მომხდარიყო.
გარდა ამისა, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ მოსამართლეები - მერაბ ლომიძე, თეა ძიმისტარაშვილი და ამირან ძაბუნიძე არა მხოლოდ მიკერძოებულები აღმოჩნდნენ, არამედ მათ მიიღეს სრულიად გაუბედავი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება ნაკარნახევია პოლიტიკური კონტექსტით და თავისი არსით არის პოლიტიკური აქტი, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს როლანდ ბლადაძის კანონიერ უფლებებს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩვენ კანონით დადგენილ 21-დღიან ვადაში გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მოლოდინი უზენაესი სასამართლოს მიმართ, რადგან მიგვაჩნია, რომ მათ მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილება, ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც დიდი პალატის გადაწყვეტილების სახელით არის ცნობილი, პირდაპირ კავშირშია როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების სამართლებრივი გარემოებების დასაბუთებასთან. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ უზენაესი სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას.
იმ შემთხვევაში, თუ ეროვნულ დონეზე მხარემ ვერ მიაღწია სამართლიანობის აღდგენას, ჩვენ საქართველოს წინააღმდეგ, ევროსასამართლოში წარვადგენთ საჩივარს, სადაც მხარე იქნება სახელმწიფო და როლანდ ბლადაძე იდავებს არა მარტო საკუთრების უფლებაზე, არამედ იდავებს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ფაქტზე. დავის საგანი ასევე გახდება არასრულწლოვანთა ინტერესების დარღვევა, როდესაც მისი შვილები მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩამორთმეული სახლიდან გამოყარა", - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
ვინაიდან მისი ბათილად ცნობისთვის 2009 წლის მდგომარეობით გავიდა 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო როლანდ ბლადაძემ 2013 წლის პროკურატურის დადგენილების საფუძველზე შეძლო დაემტკიცებინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში გიორგი პაპუაშვილი ჩამორთმეული ქონების არაკეთილსინდისიერი მფლობელი და მესაკუთრეა.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლომ სრული იგნორირება გაუკეთა საქმის კიდევ ერთ მთავარ გარემოებას - საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 12 აპრილის დადგენილებას, რომლის საფუძველზეც როლანდ ბლადაძის მიმართ, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, გაუქმდა ძებნა და დაპატიმრების ბრძანება. სწორედ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზეა დადასტურებული გარემოება, როდესაც ბათუმში, როლანდ ბლადაძეს ერთადერთი საცხოვრებელი ბინა დანაშაულის არარსებობის პირობებში უკანონოდ ჩამოართვეს და პოლიტიკური გუნდის წევრს, იმჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს გადასცეს. სასამართლომ როლანდ ბლადაძის უდანაშაულობა და ქონების ჩამორთმევის უკანონო აქტი შეფასების გარეშე დატოვა და პრიორიტეტი მიანიჭა ქონების ჩამორთმევის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში არსებობას და გიორგი პაპუაშვილის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერის უტყუარობის პრეზუმციას. სასამართლომ მიზანმიმართულად არ გაიზიარა იურიდიული სინამდვილე - 2004 წლის სასამართლო გაადწყვეტილების გაუქმებისთვის ქართულ კანონმდებლობაში სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს,
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლოს პალატის შემადგენლობა უკიდურესად მიკერძოებული და გაუბედავი აღმოჩნდა და აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართ, მხარეს გააჩნია განსაკუთრებული ობიექტური მოლოდინი. მისივე თქმით, თუკი როლანდ ბლადაძის საქმეზე ეროვნულ დონეზე კანონიერი გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული, საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩივარი გაიგზავნება. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლეებმა მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლო უკიდურესად შეურაცხყოფილი დატოვეს და მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობა კრიტიკას ვერ უძლებს. არჩილ კაიკაციშვილმა საქმეზე მიღებულ სასამართლოს განჩინებას პოლიტიკურად მოტივირებული, ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიღებული მართლმსაჯულების აქტი უწოდა.
შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად.
სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. როლანდ ბლადაძე აჭარის ა/რ პროკურატურამ უდანაშაულოდ სცნო, თუმცა საქართველოს მთავრობა ამ დრომდე პრინციპულად არ დგამს მოქალაქის უფლებებში აღდგენის ნაბიჯს. მთავრობამ ვერ შეძლო მოქალაქის მიმართ სამართლიანობის აღდგენა, გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული ფართის შეთავაზება და ჩამორთმეული ქონების როლანდ ბლადაძისთვის დაბრუნება.
საქართველოს უზენაესს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინება, კანონით დადგენილ 21-დღიან ვადაში გასაჩივრდება.