სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 7 აპრილს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
"როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ხარება ისეთი დღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა", - აღნიშნა პატრიარქმა.
დღესასწაულთან დაკავშირებით, 6 აპრილს, 18:00 საათზე, სამების ტაძარში საღამოს ლოცვა დაიწყება, 7 აპრილს კი საზეიმო წირვას მისი უწმინდესობა სვეტიცხოველში, 10:00 საათიდან აღავლენს.