უწმინდესმა ადამიანის განცდელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უფალი ადამიანს აძლევს ისეთ ჯვარს, რომლის ტარებაც შეუძლია.
„ადამიანის ცხოვრება შედგება ჯვრისგან, სადაც ვერტიკალური ხაზი არის ღვთისკენ სწრაფვა და ჰორიზონტალური - ადამიანისკენ. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით შექმნის ჯვარს.
ყოველი ადამიანი არის ჯვრის მტვირთავი, ჯვრის მატარებელი. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ მძიმე ჯვარი გააჩნია. ჯვარს აძლევს უფალი და აძლევს ისეთ ჯვარს, რომლის ტარებაც ადამიანს შეუძლია. ზოგიერთ ადამიანს ეძლევა ჯვარი პირადი პრობლემების, ზოგიერთს კი ერის სიმძიმის ტვირთვა. არის შემთხვევები, ადამიანი, რომელსაც გააჩნია მძიმე ჯვარი, ეცემა და ფიქრობს, თითქოს ყველაფერი უკვე დამთავრდა, მაგრამ ადამიანმა უნდა მოიკრიბოს ძალა და სთხოვოს, უფალს. უფალი თვითონ მიდის და ეხმარება ადამიანს ჯვრის ტარებაში", - ბრძანა უწმინდესმა.
"დღეს ჩვენთან იმყოფებიან მშობლები, რომელთაც ჰყავთ ავადმყოფი შვილები აუტიზმით. ეს არის ჯვარი თქვენი და თქვენი შვილების. ღმერთმა მოგცეთ მადლი და ძალა ბოლომდე ზიდოთ ეს ჯვარი. აუტიზმი მძიმე ავადმყოფობაა, მაგრამ ამავე დროს, ხშირია შემთხვევა, როდესაც ისინი გრძნობენ და ხედავენ უფრო მეტს, ვიდრე ჩვენ. ხშირია შემთხვევა, როდესაც აუტიზმით დაავადებულები გენიალური ადამიანები ხდებიან", - ბრძანა პატრიარქმა.