ავტორი გიორგი მამაცაშვილი
ჩემს რესპონდენტს წლებია, ვიცნობ. თუმცა, კარგა ხანია, არ შევხვედრივარ. გულწრფელად გითხრათ, გამიკვირდა კიდეც მისი ზარი და ინტერვიუს შემოთავაზება - წერას საუბარს ვამჯობინებო... არ დაგიმალავთ, არც იმას მოველოდი, საუბარი უხერხულ თემებზე თუ მოგვიწევდა და ასე ღიად და საჯაროდ იტყოდა იმას, თუ რა მოხდა მის რედაქციაში, რის თქმასაც ბევრი, აგერ უკვე, წლებია, ერიდება და რისი უთქმელობაც აქამდე ლოდად აწვა გულზე.
„მესმის, ძნელია ყოფილ კოლეგებზე საუბარი, მაგრამ თუ კოლეგიალობის „ძარღვი" გაწყვეტილი აქვს მავანს, ალბათ, ადრე თუ გვიან, სათქმელი უნდა ითქვას და ახლა სწორედ ეს მომენტია, რომ ეს სათქმელი სწორედ მე ვთქვა!"- ამბობს და არ დაგიმალავთ, ბევრი რამით მაკვირვებს კიდეც...
მხოლოდ ჩემთვის კი არა, საზოგადოებისთვისაც ერთობ საინტერესოა, ვის რა ფორმით აშანტაჟებდა ელისო კილაძე წლების განმავლობაში? სწორედ ამაზე საუბრობს ჩვენი რესპოდენტი.
ასევე, საინტერესოა, რომელი პოლიტიკოსები და თანამდებობის პირები დარბოდნენ „ქრონიკა+"-ის რედაქციაში მთავარი რედაქტორის „მადის" დასაკმაყოფილებლად?
ვინ არის „გადამგდები" ჟურნალისტი? რატომ უწოდებს „სიბინძურის ბუდეს" გაზეთ „ქრონიკა+"-ის რედაქციას?
რატომ მიდიოდნენ რედაქციიდან ეტაპობრივად ცნობილი და პოპულარული ჟურნალისტები?
ვწუხვარ, რომ ამ თემებზე და ჩემს კოლეგებზე მიწევს საუბარი...
ამთავითვე გეტყვით, დღეს მის ვინაობას არ გაგიმხელთ. ამჯერად მას ანონიმურ წყაროდ დავტოვებთ, ამით არც კანონს ვარღვევთ და არც ჟურნალისტურ ეთიკას ვღალატობთ... ხოლო სათქმელს, რაც „ქრონიკა+"-ის ყოფილმა თუ ამჟამინდელმა თანამშრომლებმა ისედაც ზედმიწევნით იციან - სააშკარაოზე გამოვიტანთ - წერს ინტერვიუს ავტორი გიორგი მამაცაშვილი.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„სხვათაშორის, კილაძემ ერთ-ერთი პოპულარული ბანკიც დააშანტაჟა და ამ შატნაჟის საფასურად ყოველთვე ხუთი ათას ლარს იღებდა ბანკისგან! მასალები ჰქონდა გამოსაქვეყნებლად მზად და პრაქტიკულად, არგამოქვეყნების საფასურად იღებდა იმ ფულს!
- საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა და ერთიცაა - იმ ბანკშიც ვერ ყოფილან მთლად კარგად... ელისო კილაძეს რომ ხუთი ათასს გადაუხდი ყოველ თვე... თუ ერთჯერადად გადაიხადეს?
- არა, რა ერთჯერადად. თითქმის ერთი წლის განმავლობაში იხდიდა ეს ბანკი თვეში ხუთი ათას ლარს.
- რომელი ბანკი იყო? მიამიტურად კი ჟღერს ჩემი შეკითხვა, მაგრამ...
- ჰოდა, დავტოვოთ ახლა უპასუხოდ შენი ეს „მიამიტური" კითხვა".