ავტორი მარიამ პაიჭაძე
უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „რეპორტიორთან" ე.წ. ციანიდის საქმეზე ისაუბრა და მეუფე პეტრეს მიერ „რუსთავი 2"-ის ეთერში გაკეთებული ბოლო განცხადებები შეაფასა. კაკაბაძის თქმით, მეუფე პეტრე ცაავა კუთხეში მიმწყვდეული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ნანა კაკაბაძე ასევე შეეხო დიდგორის ომში გამარჯვების დღის დღესასწაულად გამოცხადების საკითხს.
- მეუფე პეტრემ „რუსთავი 2"-ის ეთერში ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროვოკაცია მოუწყვეს. მან ასევე ისიც აღნიშნა, რომ თანამზრახველები არა მამა გიორგის, არამედ პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს ჰყავს. ამასთან დაკავშირებით რა შეფასებას გააკეთებთ?
- მეუფე პეტრე იმდენად გასცდა ყველანაირ ზღვარს და ჩარჩოებს, მისი ქმედება იმდენად ამოვარდნილია იმ სფეროდან, რომლის წარმომადგენელიც ის თითქოსდა არის, ძალიან ძნელია მისი შეფასება და საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ მას აეკრძალა საჯარო გამოსვლები და მითუმეტეს, არასწორი ინფორმაციების მიწოდება, „რუსთავი 2"-ზე ბოლო გამოსვლით მან აჩვენა, რომ ის მარტო პატრიარქის წინააღმდეგ კი არა, მთლიანად სინოდის გადაწყვეტილებების წინააღმდეგაც მიდის. ეს ადამიანი დარჩა მარტო. ერთ მხარეს არიან უწმინდესი, სინოდი და მთელი სამღვდელოება. მეუფე პეტრემ თავად ჩაიყენა თავი განკვეთილის მდგომარეობაში. მე არ ვიცი დღეს სასულიერო პირი, რომელიც მის პოზიციებს იზიარებს ან მის გვერდით დგას. სამწუხაროდ, მეუფე პეტრეს ადამიანური დაპირისპირება თუ შური ამოძრავებს და ათქმევინებს რეალობასთან შეუსაბამო აზრებს, რომელსაც ის, უმეტეს შემთხვევაში „რუსთავი 2"-ის ეთერით აჟღერებს. თუმცა ამისი აკრძალვა ძალიან ძნელია, რადგან თუ ის აღარ მოიაზრებს თავს საპატრიარქოს ნაწილად და არ ასრულებს მის განკარგულებებს, ამ შემთხვევაში ადამიანი თავისუფალია და რაც უნდა, იმას გააკეთებს.
- თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მეუფე პეტრეს ამ საქმეში?
- მეუფე პეტრე დაინტერესებულ მხარედ უფრო ჩანს, ვიდრე ვიღაცის დამცველად და შეიძლება ყველაფერი უფრო მის ირგვლივ ტრიალებდეს, ვიდრე მამა გიორგის. ის ამ საქმეში არ არის ნეიტრალური პირი და ნეიტრალური პოზიციებიდან არ საუბრობს. ის ცილისწამებები, რომელსაც სხვა ადამიანების მიმართ ახორციელებს, რჯულის კანონითაც კი დასჯადია, ანუ მეუფე პეტრე არ ცნობს არანაირ სამართალს. როდესაც თავის თავს ასეთ მდგომარეობაში იყენებს, მისი ინტერესი ცალსახაა. რა ალაპარაკებს, თუ არა ინტერესი? რა ინტერესი აქვს? რა ფორმით არის ის ამ საქმეში მონაწილე? ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოძიების პრეროგატივაა.
მე უბრალოდ ვხედავ, რომ „რუსთავი 2" და პეტრე ცაავა არ არიან თავიანთ ამპლუაში და სხვა მდგომარეობიდან გამომდინარე საუბრობენ. ამ თემაზე „რუსთავი 2"-ის პირველი გადაცემიდან უნდა დაიწყოს გამოძიება, რა ინტერესი ჰქონდა, რა ინფორმაცია ჰქონდა, საიდან ჰქონდა, რადგან ეს ყველაფერი შესაძლოა ერთიან ჯაჭვში აღმოჩნდეს. გამოძიება უფრო ფართოდ უნდა ხედავდეს ამ საქმეს, ვიდრე უბრალოდ ციანიდის ამოღება.
- მეუფე პეტრემ „ციანიდის საქმე" შეადარა „ჯინსების თაობას" იმ კონტექსტში, რომ საბჭოთა ხელისუფლებას დასჭირდა სამღვდელო პირი. როგორ ფიქრობთ, რისი თქმა უნდა ამით მეუფე პეტრეს?
- „ჯინსების თაობა" იყო პოლიტიკური პროტესტი ახალგაზრდების მხრიდან და ამ პოლიტიკური პროცესის გაიგივება ხელისუფლებას უნდოდა არა თავის თავთან, არამედ უნდოდა იმის დემონსტრირება, რომ ეკლესიამ თავს მოახვია ახალგაზრდებს. რა შუაშია პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფა ამ თემასთან? ასეთი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ფაქტი ბუნებაშიც არავის შეუდარებია ერთმანეთისთვის. საკითხი დგას პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფაზე მეტი ძაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით. მამა გიორგი ჩანაწერებშიც ღიად საუბრობს. იგი ამბობს, რომ მისი თანამდებობა იყო საპატრიარქოში შეღწევის საშუალება და ასახელებს კონკრეტულ თანამდებობებს, რომლის დაკავებაც უნდა, რათა ძალაუფლება მთლიანად აეღო იმ ჯგუფს, რომელსაც მამა გიორგი მამალაძე წარმოადგენდა. რა შუაშია ამასთან საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ ამბოხებული ახალგაზრდების ქმედება? მღვდელი ყველა კონტექსტში შეიძლება იყოს ნახსენები. ამიტომ ვამბობ, რომ მეუფე პეტრე აცდენილია ყველანაირ საღ, რეალურ აზროვნებას. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ სადღაც კუთხეშია მიმწყვდეული, თავდაცვის მექანიზმად აირჩია არასწორი გზა და წავიდა ყველას წინააღმდეგ. იმ ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელსაც ყველაზე მეტი ნდობა აქვს საზოგადოებაში. როცა სინოდისა და პატრიარქის წინააღმდეგ მიდიხარ, ბუნებრივია, რომ რასაც არ უნდა ლაპარაკობდე, საზოგადოების მხარდაჭერა ვერ გექნება. თუნდაც, როცა ამბობდა, რომ 40 წლის განმავლობაში პატრიარქი ინფორმაციულ ვაკუუმში იყო და მხოლოდ მას ჰქონდა ინფორმაცია, თავისთავად, ეს პატრიარქის დაკნინების მცდელობაა. როცა ყველასთვის უსაყვარლესი და ავტორიტეტული ადამიანის გარშემო მითებს ქმნი და სიცრუეს ავრცელებ, აქ შორენა თეთრუაშვილს მოიშველიებ თუ ვინმე სხვას, რეალურად ხომ პატრიარქს ებრძვი და მას აგინებ ამითი?! აქედან გამომდინარე, მისი კუთხეში მიმწყვდეულის პოზიცია ჩემთვის ძალიან თვალშისაცემია. წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდებოდა, ამ სიტუაციაშია დღეს და აქედან გამომდიანარე, ძალიან რთულია ასეთი ადამიანის ქმედებების შეფასება. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე, სასამართლოს დასრულების შემდეგ ეს ყველაფერი ჩადგება თავის ჩვეულ რიტმში და ყველაფერი გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.
- 5 მაისს არის ჩანიშნული სასამართლო პროცესი... როგორ ფიქრობთ, დაასახელებს თუ არა მამა გიორგი მამალაძე დამკვეთებს?
- ვერ გეტყვით, რას ჰპირდებიან მამა გიორგი მამალაძეს. შეიძლება შეწყალებას ჰპირდებიან იმ შემთხვევაში, თუ არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, რაც გამორიცხულია. იყო მცდელობები პრეზიდენტისგანაც და ომბუდსმენისგანაც, რომ პატრიარქს დაეყენებინა შეწყალების საკითხი, მაგრამ უწმინდესმა სახელმწიფოებრივი პოზიცია დაიკავა. აქედან გამომდინარე, ვეჭვობ, რომ პრეზიდენტმა ასეთი ნაბიჯი გადადგას და პატრიარქისა და სახელმწიფოს წინაშე წავიდეს. თუ მამა გიორგი მამალაძე დაიჯერებს რომ მისი შეწყალება შესაძლებელია, შეიძლება, არ ითანამშრომლოს და თავის თავზე აიღოს ყველაფერი. მაგრამ თუ თავად მამა გიორგი არ თვლის საჭიროდ, რომ დაასახელოს ის პირები, ვისზეც ჩანაწერებში საუბრობს, ეს მისი უფლებაა. მამა გიორგიმ როგორც არ უნდა გამოიყენოს დუმილის უფლება, გამოძიება მაინც უნდა წავიდეს თავისი გზით და თავისი სიტყვა თქვას.
- დიდგორის დღის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადების საკითხი ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია. თქვენი პოზიცია როგორია ამასთან დაკავშირებთ, როგორ ფიქრობთ საჭიროა თუ არა, მიეცეს ასეთი ფორმა და 12 აგვისტო იყოს სახელმწიფო დღესასწაული?
- დღეს სახელმწიფოს სხვა გზა არ დარჩენია. ის, რა მდგომარეობაშიც დღეს სახელმწიფომ თავი ჩაიყენა, არის სამარცხვინო. ქართველი ერისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და გამარჯვების აღნიშვნა სამომავლოდ სტიმულიც არის. რადგან ჩვენ სახეზე გვაქვს სხვა სახელმწიფოს დიქტატი, სხვა გადაწყვეტილების მიღების არც მორალური და არც იურიდიული უფლება სახელმწიფოს არ დარჩენია. ხელისუფლება უნდა იცავდეს თავისი ქვეყნის ღირსებასა და ინტერესებს. ამიტომ, 12 აგვისტო დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო დღესასწაულად.
- თუმცა უმრავლესობის ზოგიერთმა წევრმა ისიც თქვა, რომ თურქეთის მხრიდან ამ განხადებას თხოვნის ფორმა ჰქონდა...
- ამას შედეგები გვაჩვენებს, თხოვნა იყო თუ არა. ჯერ ერთი, ასეთი რაღაცის თხოვნა მიუღებელია. ვიღაცას რომ სთხოვონ, გამაუპატიურებინეთ თავიო, ეს თხოვნის ფორმა იქნება? როდესაც ასეთ რაღაცას გაკადრებენ, ამას თხოვნას დაარქმევ თუ ძალადობას, ეს ადამიანის აზროვნებაზე მეტყველებს. როცა ასეთ რაღაცას გაკადრებენ, საკადრისი პასუხი უნდა გასცე. ვფიქრობ, ხელისუფლება იმისთვის არსებობს, რომ ქვეყნის ღირსება და ინტერესები დაიცვას.