თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ევროპის ჩემპიონტზე 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონმა გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი Sportall.ge-სთან გააკეთა.
„ძალიან გახარებული და კმაყოფილი ვარ. ევროპის ჩემპიონი მესამედ გავხდი და ეს გამარჯვება ჩემთვის წინანდელებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ფინალში ჩაკაევს რევანში ავუღე. მასთან ადრე წაგებული მაქვს, ძალიან ძლიერი მეტოქეა. რომ შემძლებოდა, მარტივად მოვუგებდი, მაგრამ ვერა - გამარჯვებისთვის მაქსიმუმის გაღება დამჭირდა. არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, მეტოქე რუსია, ფრანგი თუ ამერიკელი. ყველა მოწინააღმდეგეს დიდ პატივს ვცემ და ყველას ერთნაირად ვეკიდები.
ოლიმპიადამდე 4-წლიანი ციკლია და ეს ევროპის ჩემპიონატი ამ ციკლის დასაწყისია. ის წარმატებით დავიწყე და იმედია, ტრავმები ხელს არ შემიშლის, კარგად გავივლი ამ გზას და ოლიმპიადას მეორედ მოვიგებ.
ვნახოთ, რა იქნება, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
ქართველმა ფალავანმა ევროპის შემპიონატის 61 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ახმეტ ჩაკაევი 10:9 დაამარცხა.