ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, პროკურატურა ითხოვს პროცესების დახურვას და ამის თაობაზე მყარი მტკიცებულებები და არგუმენტები აქვს.
„დასრულდა გამოძიება და სასამართლოში წარვსდექით მყარი მტკიცებულებებით. დღევანდელ პროცესზე მოსამართლე შეაფასებს იმ მტკიცებულებების დასაშვებობას, რომელიც მოპოვებულია კანონის სრული დაცვით. წარმოდგენილია ექსპერტების დასკვნები, ვიდეო, აუდიო ჩანაწერები და თავად ბრალდებულის ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია. ეს არის უტყუარი მტკიცებულებები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, ეს მტკიცებულებები გადალახავს წინასასამართლო სტადიას და საქმის არსებით განხილვაზე დავადასტურებთ გიორგი მამალაძის ბრალდებას. დაცვის მხარის თითოეულ შუამდგომლობაზე გვექნება დასაბუთებული პასუხი", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლის, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის და რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობას დააყენებენ.