საქართველოში დაგეგმილი მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვენჩაი ჟანგმა და ამავე საფინანსო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა შონ ო'სალივანმა.
შეხვედრა საქართველოს პირველი ვიცე-პრეზიდენტის დიმიტრი ქუმსიშვილის იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა, სადაც ის აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაზე მონაწილეობს.
შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა სივრცითი განვითარების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური მხარდამჭერია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოში ორი მნიშვნელოვანი საგზაო პროექტის - ბათუმის შემოვლითი გზისა (140 მლნ აშშ დოლარი) და ხარაგაული-ჩუმათელეთის მიმართულების (90 მლნ აშშ დოლარი) დაფინანსების შესახებ. ორივე მიმართულებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. უახლოეს მომავალში საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერება სასესხო შეთანხმებას. ამასთან სამუშაოები 2017 წელსვე დაიწყება.
ასევე ითქვა, რომ აზიის განვითარების ბანკში უკვე მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების რიკოთის მონაკვეთის ერთ-ერთი ნაწილის დაფინანსების შესახებ, რომელიც 130 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იქნება.