ავტორი სალომე უერთაშვილი
პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენები შეაფასა და ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახალხო-საყოველთაო განხილვაზე. ამასთანავე, შეეხო მსოფლიოში მიმდიანრე მოვლენებსაც და აღნიშნა, რომ მსოფლიო ატომური ომის საფრთხის წინაშე დგას.
- საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახალხო-საყოველთაო განხილვა დაიწყო...
- საინტერესო პროცესი სწორედ განხილვების სახით იწყება. ჯერჯერობით ვაკვირდებოდით პარალელურ შეფასებებს იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ კონსტიტუციის მიმართ მხარეებს. ძირითადად ორივე მხარეს მოუწევს ერთსა და იმავე საზოგადოებასთან ერთად გასვლა. ეს იქნება ძალიან საინტერესო პროცესი ბევრი თვალსაზრისით. პირველ რიგში საინტერესოა, თვითონ ამ საზოგადოებას რა რეაქცია ექნება და აჰყვება თუ არა იმას, რომ მან არჩევანი უნდა გააკეთოს.
როდესაც თეატრში საზოგადოებას სპექტაკლი მოსწონს, ტაშს უკრავს, ხოლო კონსტიტუცია თუ მოეწონა, ტაშს ხომ არ დაუკრავს? რაღაც მხარდაჭერისა და უარყოფის ნიშნები უნდა ჩამოყალიბდეს.
პრეზიდენტის იქ ყოფნა სასწორს იმ პუნქტის მიმართ გადაწონის, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი საერთო სახალხო არჩევნებით უნდა აირჩეს. თუ ამის მიმართ მხარდაჭერა უფრო მეტი გამოვლინდა, გამორიცხული არ არის, რომ სახელისუფლო პარტიამ პრეზიდენტის არჩევის თემა დათმოს და დათანხმდეს საერთო სახალხო წესით არჩევას, თუმცა, სამაგიეროდ დაიტოვოს გაუნაწილებელი მანდატების მექანიზმი. ეს მექანიზმი პარტიისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პრეზიდენტის არჩევის საკითხი. თუ ეს ნაბიჯი გადადგა, ხელისუფლება იტყვის, რომ კომპრომისზე წავიდა და ანგარიში გაუწია ერთი მხრივ, ოპოზიციას და მეორე მხრივ, მოსახლეობას, ხოლო ამ დროს თავად მისი პოლიტიკური ინტერესი იქნება დაკმაყოფილებული.
- დიდგორის დღის უქმედ გამოცხადებასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, უნდა გამოცხადდეს თუ არა, და გათვალისიწნებულ უნდა იქნეს თუ არა თურქეთის საელჩოს თხოვნა?
- თურქეთის საელჩოს თხოვნა ცოტა პოლიტიკური ტაქტის თემაა და ამაზე იყო რეაქცია. ამ საკითხზე მაგალითი მომყავს ხოლმე, ესაა მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვება, დიდი ზეიმით აღნიშნავს არა მარტო რუსეთი, არამედ დასავლეთიც, უბრალოდ თარიღია სხვა. ალბათ ის უხერხულობა, რაც თურქეთმა ამ პრეცედენტით შექმნა, არ იყო საჭირო. საქართველოს ძალიან ცუდ დღეში აგდებს. თუკი დათმობაზე წავა, უხერხულია, თუ არ წავა დათმობაზე, ესეც უხერხულია.
საერთოდ, ამდენი დღესასწაულის პატრონ ქვეყანას, მე მგონი, არ ესაჭიროება დიდგორის დღის უქმედ გამოცხადება, მაგრამ ახლა უკვე ისეთ ჩიხშია ეს საკითხი შესული, რომ თავმოყვარე ქვეყანამ დიდგორის დღე უქმედ უნდა გამოაცხადოს!
- აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა დაიძაბა... როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა, ეს მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფუძველი გახდეს?
- მესამე მსოფლიო ომზე საუბარი სულ არის, თუმცა, ჩაერთვებიან თუ არა სხვა ქვეყნები, როგორც ორივე მსოფლიო ომის დროს, როდესაც მთელი მსოფლიო გადანაწილებული იყო ორ ბანაკად, საინტერესოა. აქ ყველაზე მთავარი ისაა, რომ დგას ატომური ომის საფრთხე, რადგანაც, თუ დაიწყო მესამე მსოფლიო ომი, ეს არ იქნება ჩვეულებრივი ომი და გამოყენებული იქნება ატომური იარაღი.
საერთოდ, ტრამპს უფრო ხმაურიანი და თამამი განცხადებები ახასიათებს, თუმცა, უფრო ფრთხილია მოქმედებებში. მან გარკვეულ მომენტში დაპირისპირების ესკალაცია შეაჩერა, ამიტომ, ტრამპის მხრიდან უფრო მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა იქნება გამოჩენილი, ვიდრე კორეის მხრიდან, მათთან პოლიტიკაზე ლაპარაკი შეუძლებელია.
- აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩრდილოეთ კორეის საკითხზე ერთად იმუშავებენ. რა სახით შეიძლება ჩაერთოს რუსეთი ამ ყველაფერში?
- საერთოდ, იდეოლოგიური მეზობლები იყვნენ საბჭოთა კავშირი და კორეა, იდეოლოგიური პარტნიორები და ჭორებიც არის იმის შესახებ, რომ კორეამ საბჭოთა კავშირის დახმარებით შექმნა ის სამხედრო პოტენციალი, რომელიც აქვს. ნებისმიერი მწვავე წერტილის გაჩენაში, რა თქმა უნდა, პირველი, ვისთანაც ურთიერთობა უნდა დაამყარო, არის ის ქვეყანა, რომელიც შეიძლება ბარიერების იქით აღმოჩნდეს. რუსეთი ისე არ არის ჩართული, როგორც აღმოსავლეთის თემებში, თუმცა, ის ქვეყანაა, რომელიც გამორიცხული არაა, დადგეს კორეის მხარეს, თუკი დაძაბულობა პიკს მიაღწევს.
- საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, უკანასკნელი სატელევიზიო დებატები გაიმართა, რას ფიქრობთ, ზოგადად ამ დებატებზე?
- ძალიან საინტერესო იყო ბოლო დებატები ემანუელ მაკრონსა და მარინ ლე პენს შორის, ფაქტობრივად, საზოგადოებრივი აზრის მოსინჯვა იყო და საზოგადოებრივმა აზრმა მეტი კრიტიკა ლე პენის მიმართ გამოიჩინა. მოქმედმა პრეზიდენტმაც კი მისცა თავის თავს საკმაოდ უტაქტო შეფასებების უფლება. ლე პენი საკმაოდ სუსტად გამოიყურებდოდა დებატებში, აი, ამ დებატებმა შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს საბოლოო შედეგებზე.
- თუკი, ლე პენი გახდა პრეზიდენტი, საფრანგეთი ევროკავშირს დატოვებს, ამით რა შეიცვლება?
- ოლანდის ჩამონათვალი საკმაოდ სერიოზულია, უამრავი ეკონომიკური საკითხი დგება. ევროკავშირის ფარგლებში პოლიტიკურ საკითხებში აქცენტს არ აკეთებენ, იქ ეკონომიკა არის წამყვანი მოტივი. ისეთი ეკონომიკური საკითხები დგება, რომელიც ინგლისის წინაშეც დგას და აქამდე ვერ გადის, სავარაუდოდ 2 წელი კიდევ ვერ მოახერხებს ამ საკითხების მოგვარებას ისე, რომ უმტკივნეულო იყოს მისი გასვლა ევროკავშირიდან. სავარაუდოა, რომ საფგრანგეთთან კიდევ უფრო ძლიერი პრობლემები იქნება, რადგან ინგლისი ისე ღრმად არ იყო ჩართული ევროკავშირის სტრუქტურებში, როგორც საფრანგეთი, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა.
თუკი ლე პენი გავიდა პრეზიდენტად, შესაბამისად კი, საფრანგეთი -ევროკავშირიდან, თვითონ ევროკავშირს უდგება სერიოზული კრიზისი, შემდეგ გერმანია რჩება ღერძი და ერთი ქვეყანისთვის ეს ტვირთი ძალიან დიდია. ასე რომ, მთლიანად ევროკავშირის საკითხი თავიდან გასააზრებელი იქნება. სულ არის საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირმა თავის სტრატეგიას და წესებს უნდა გადახედოს, თუ უნდა, რომ საკუთარი თავი შეინარჩუნოს.