ავტორი სალომე უერთაშვილი
„საინტერესო პროცესი სწორედ განხილვების სახით იწყება", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „რეპორტიორს" განუცხადა და საკონცტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ისაუბრა.
„ჯერჯერობით ვაკვირდებოდით პარალელურ შეფასებებს იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ კონსტიტუციის მიმართ მხარეებს. ძირითადად ორივე მხარეს მოუწევს ერთსა და იმავე საზოგადოებასთან ერთად გასვლა. ეს იქნება ძალიან საინტერესო პროცესი ბევრი თვალსაზრისით. პირველ რიგში საინტერესოა, თვითონ ამ საზოგადოებას რა რეაქცია ექნება და აჰყვება თუ არა იმას, რომ მან არჩევანი უნდა გააკეთოს.
როდესაც თეატრში საზოგადოებას სპექტაკლი მოსწონს, ტაშს უკრავს, ხოლო კონსტიტუცია თუ მოეწონა, ტაშს ხომ არ დაუკრავს? რაღაც მხარდაჭერისა და უარყოფის ნიშნები უნდა ჩამოყალიბდეს.
პრეზიდენტის იქ ყოფნა სასწორს იმ პუნქტის მიმართ გადაწონის, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი საერთო სახალხო არჩევნებით უნდა აირჩეს. თუ ამის მიმართ მხარდაჭერა უფრო მეტი გამოვლინდა, გამორიცხული არ არის, რომ სახელისუფლო პარტიამ პრეზიდენტის არჩევის თემა დათმოს და დათანხმდეს საერთო სახალხო წესით არჩევას, თუმცა, სამაგიეროდ დაიტოვოს გაუნაწილებელი მანდატების მექანიზმი. ეს მექანიზმი პარტიისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პრეზიდენტის არჩევის საკითხი. თუ ეს ნაბიჯი გადადგა, ხელისუფლება იტყვის, რომ კომპრომისზე წავიდა და ანგარიში გაუწია ერთი მხრივ, ოპოზიციას და მეორე მხრივ, მოსახლეობას, ხოლო ამ დროს თავად მისი პოლიტიკური ინტერესი იქნება დაკმაყოფილებული", - ამბობს საყვარელიძე.