2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტის კანონში (2017 წლის აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი - Consolidated Appropriations Act, 2017) საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი პირველად გაკეთდა. 2017 წლის ბიუჯეტის კანონი აშშ-ის კონგრესმა 5 მაისს დაამტკიცა, ხოლო დოკუმენტი ძალაში, აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერის შედეგად, 6 მაისს შევიდა.
კანონში საქართველოს მხარდამჭერი ტექსტი სათაურით: „საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია" რუსეთის აგრესიის ქვეთავის ქვეშ ექცევა.
ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.
ბიუჯეტის კანონი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, დროულად გამოაქვეყნოს ამგვარი ქვეყნების სია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე. დოკუმენტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.
ბიუჯეტის კანონი მოუწოდებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს, შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ უარყოფითი ხმა დააფიქსირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებასთან დაკავშირებით (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
დოკუმენტი ასევე ადგენს, რომ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 90 დღისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონგრესის შესაბამის კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ, ოკუპაციის სავარაუდო ხარჯების გათვლით.