logo_geo
eng_logo
ადვოკატები: ტარიელ ფოცხვერიას გარდაცვალების რისკი ძალიან მაღალია
- +

19 თებერვალი. 2016. 13:57


კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაპატიმრებული ტარიელ ფოცხვერიას ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის დისკრიმინაციაზე საუბრობენ. როგორც მათ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის ჩატარება მიზანმიმართულად ჭიანურდება.


„სამწუხაროდ, ისევ და ისევ გრძელდება ტარიელ ფოცხვერიას დისკრიმინაცია. ის არის მძიმედ დაავადებული და აკმაყოფილებს ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ გათავისუფლების საფუძვლებს. სასჯელაღსრულების დაწესებულებამ სამართლებრივ-ფორმალურ მხარეს მიმართა და დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაავადების კუთხით ექსპერტიზის დასკვნის დადების მიზნით. ეს იყო მათი მხრიდან დროში გაჭიანურების კიდევ ერთი მცდელობა. აგერ უკვე მესამე თვე დაიწყო, დანიშნულია ტარიელ ფოცხვერიას მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, თუმცა პასუხი არ არის. ამ პროცედურის ჩატარებისთვის არსებობს გონივრული ვადა. მითუმეტეს, როდესაც საუბარია მძიმე დაავადებაზე, უნდა მოხდეს გონივრულ ვადაში ექსპერტიზის ჩატარება და დასრულება. მიგვაჩნია, რომ ეს არის მიზანმიმართული გაჭიანურება. ამ პერიოდში კი უფრო და უფრო მძიმდება ამ ადამიანის მდგომარეობა. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში დადგეს მძიმე შედეგი, თუმცა, ეს არ ანაღვლებს არც პენიტენციურ სისტემას, არც მედიკოსებს. ეს კი პირის დისკრიმინაციის თვალსაჩინო მაგალითია", - განაცხადა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.


უფლებადამცველი მოუწოდებს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელობას და თითოეულ ექსპერტს, დროულად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა .


„წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება მათი მხრიდან სამსახურებრივ გულგრილობას და იმ შემთხვევაში, თუ ფოცხვერიას მიმართ ფატალური შედეგი დადგება, არ არის გამორიცხული, დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან მათი მხრიდან სახეზეა მიზანმიმართული ქმედება, არ ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა", - აღნიშნა მოსიაშვილმა.


„ეს არის მკვლელობა, რასაც დღეს სჩადიან სახელმწიფოს სახელით მოქმედი პირები. ფოცხვერიას მდგომარეობა უმძიმესია. რისკი, რომ ფოცხვერია გარდაიცვალოს, საკმაოდ მაღალია. სახელმწიფოს სახელით მოქმედი პირები კი ყველა ხერხს და ბარიერს იყენებენ იმისთვის, რომ ამ ადამიანს არ შეეხოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები", - განაცხადა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner