სერბეთში ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლევან არაბულმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 66 კგ-ში პრიზიორი გოგა გოგიბერაშვილი გახდა, 130-ში კი - ლევან არაბული.
ტურნირის პირველ დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა. საქართველოს ნაკრებიდან ასევე იასპარეზეს ლერი აბულაძემ (59) და კოკა კირცხალიამ (98), თუმცა ადრეულ ეტაპებზევე დამარცხდნენ.
ევროპის ჩემპიონატი 7 მაისს, დარჩენილ ოთხ წონაში მედლების გათამაშებით დასრულდება. საქართველოს ნაკრებიდან კვირას ხალიჩაზე გოგა აფრიამაშვილი (71), გელა ბოლქვაძე (75), ზურაბ დათუნაშვილი (80) და რობერტ კობლიაშვილი (85) გავლენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა კონტინენტის პირველობაზე ოთხი - 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.