საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ემანუელ მაკრონმა საკუთარი არჩევანი მეუღლესთან ერთად გააკეთა. ემანუელ მაკრონი ქალაქ ტუკეში მდებარე საარჩევნო უბანს ეწვია.
მაკრონი პირველად მონაწილეობს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. ის 2014-2016 წლებში ფრანსუა ოლანდის მთავრობაში ეკონომიკის მინისტრი იყო. შემდგომში მან დატოვა მმართველი პარტია და 2016 წლის 6 აპრილს საკუთარი პოლიტიკური მოძრაობა შექმნა.
23 აპრილს გამართული საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 24,01%-ით პირველი ადგილი დაიკავა.
დღეს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომელშიც ერთმანეთს ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი უპირისპირდებიან.
66 546 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან (თბილისის დროით 10:00 საათიდან) გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში - 20:00 საათზე.