შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, რამდენიმე ბაიკერი შემოსულია აპრილის თვეში და იმ მომენტისთვის არანაირი ინფორმაცია და ამოსაცნობი ნიშანი, რომ ისინი იყვნენ „ღამის მგლების" წევრები, არ არსებობდა.
მისივე თქმით, რაიმე ორგანიზებული მსვლელობა ან პერფორმანსი „ღამის მგლების" მხრიდან სასურველი არ იქნება.
„რამდენიმე ბაიკერი შემოსულია აპრილის თვეში ტურისტული მიზნებით. დღეში საქართველოს საზღვარს კვეთს ათობით ბაიკერი სხვადასხვა - ზოგი ტრანზიტით, ზოგი ტურისტული მიზნით. იმ მომენტისთვის არანაირი ინფორმაცია, ამოსაცნობი ნიშანი, რომ ისინი იყვნენ „ღამის მგლების" წევრები, არ არსებობდა. შესაბამისად, მათ მიეცათ საქართველოში როგორც ტურისტებს შემოსვლის საშუალება და ამისგან რაიმე განსაკუთრებული მოვლენის შექმნა, მე მგონი, არ იქნება სწორი. რაც შეეხება „ღამის მგლების" ორგანიზებულ მსვლელობას ან რაიმე პერფორმანსს მათი მხრიდან, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს არ იქნებოდა სასურველი და მოგეხსენებათ, რომ მათ დიდ ნაწილს უარი ეთქვა საქართველოს საზღვრის კვეთაზე", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.