logo_geo
eng_logo
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ლისის ტბის წართმევის საქმეზე მამუკა ხაზარაძის დაკითხვას მოითხოვს
- +

8 მაისი. 2017. 16:22



„ახალგაზრდა ადვოკატები": ლისის ტბის წართმევის საქმეზე, მამუკა ხაზარაძის დაკითხვა მიუკერძოებელი გამოძიებისა და კანონის თანასწორობის ინტერესებშია

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" ქონებაჩამორთმეულ ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანთან ერთად ლისის ტბის წართმევის საქმეზე მორიგ განცხადებას აკეთებს, რომელიც მიმართული საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ. ამის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


„ახალგაზრდა ადვოკატები" ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანთან ერთად მოითხოვს სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას საქართველოს პროკურატურისაგან, რომელიც ამ დრომდე აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებს ლისის ტბის წართმევის საქმესთან დაკავშირებით.

 

„ჩვენ მიგვაჩნია, პროკურატურა უნდა მოქმედებდეს კანონის თანასწორობის პრონციპიდან გამომდინარე. ამ პრინციპების დაცვა არის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რადგან საქმეში ჩვენი მხრიდან წარდგენილია იმ პირთა წრე, რომლის დაკითხვაც უნდა განახორციელოს პროკურატურამ. ეს კი შეუძლებელია პრინციპული და კანონის არსიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების გარეშე, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით ქონების დათმობის და ბიზნესმენის მიმართ 2006 წელს განხორციელებული ღონისძიებების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის გარეშე, მიგვაჩნია, რომ შეუძლებელი იქნება", - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.


„ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პროკურატურის მთავარი ამოცანაა, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს 2006 წლის 4 ნოემბერს რამაზ ახვლედიანის ფინანსურ პოლიციაში დაბარების ფაქტს, სადაც ბიზნესმენს დააწერინეს განცხადება ლისის ტბის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობის თაობაზე.

 

საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ რამაზ ახლედიანი იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა-ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და რამაზ ახვლედიანს 1999 წელს  შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება ჩამოერთვა", - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.


არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება უნდა დაჩქარდეს და  რამაზ ახვლედიანი დაზარალებულად იქნეს ცნობილი. იმავდროულად, დადგეს კონკრეტული თანამდებობის პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც მოახდინეს რამაზ ახვლედიანის იძულება ქონების დათმობის მიზნით.

 

იქდან გამომდინარე, რომ მხარის მაღალი იურიდიული ინტერესია საქმეზე ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება და გამოძიებისთვის საქმეზე ყოველმხრივი მტკიცების მიწოდება, მოცემულ ეტაპზე, საჭიროდ მიგვაჩნია, საქმეზე მოწმის სახით დაიკითხოს იმ პირთა წრე, რომლებსაც უშუალო შემხებლობა ჰქონდათ ქონების დათმობის პროცესთან და დაადასტურებენ რამაზ ახვლედიანის მიმართ განხორციელებულ უკანონო მოქმედებებსა და იძულებას, რაც გამოძიებას საშუალებას მისცემს, აღადგინოს მოქალაქის დარღვეული უფლებები და დაიცვას მისი ჭეშმარიტი ინტერესები", - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.


როგორც ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა განაცხადა, საგამოძიებო უწყებამ უნდა დაჰკითხოს ბიზნეს-პარტნიორი, დღეს „თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.

 

მამუკა ხაზარაძის მოწმის სახით დაკითხვით უნდა დადგინდეს, თუ რა ინფორმაციას ფლობდა ბიზნეს-მოწილე და პარტნიორი იმ პროცესის შესახებ, რომელიც ქონების დათმობის პერიოდს უკავშირდება. არაერთხელ ვთხოვე მამუკა ხაზარაძეს, რომ ჩართულიყო და გარკვეულიყო საკითხში, თუ რამ გამოიწვია ხელისუფლების წარმომადგენელთა ასეთი აგრესიული მოქმედებები და ქონების დათმობის სურვილი, როდესაც განწყობა სახელმწიფოსთან მხარეებს გააჩნდათ სათანამშრომლო. მამუკა ხაზარაძე მაშინ ირიბ პასუხს ცემდა, რომ პრობლემების შემთხვევაში, მე კონსტიტუცია დაიცავდა. მამუკა ხაზარაძის დაკითხვა ემსახურება მნიშვნელოვან იურიდიულ ინტერესს, ვინაიდან ჩემს მიერ  ქონების დათმობის შემდეგ, პრეზიდენტის განკარგულებით, მავე საპროექტო პირობებით, დათმობილი ქონების მესაკუთრე გახდა სწორედ მამუკა ხაზარაძე და მისი კომპანიები. შესაბამისად, მისი დაკითხვა საქმის ყოველმხრივ შესწავლისა და გამოძიებისთვის, არის არსებითად მნიშვნელოვანი", - განაცხადა რამაზ ახვლედიანმა.


ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საქმეს ამჟამად განიხილავს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი. მოწმის სახით დაიკითხა რამაზ ახვლედიანიც. რაც შეეხება სასამართლოში მიმდინარე პროცესს. მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში არ დააკმაყოფილა რამაზ ახვლედიანის სასარჩელო მოთხოვნები პრეზიდენტის ბრძანებულების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც ქონების ჩამორთმევის ფაქტი გაფორმდა და საქმეს ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლო, თავმჯდომარე მოსამართლე გიორგი ტყავაძის მეშვეობით განიხილავს. დავის მხარეები, „ლისი ლეიქ დეველოპმენტთან" ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ქ. თბილისის მერიაა. ამასთან, ორგანიზაციამ კვლევის ფარგლებში შეიმუშავა რეკომენდაციები აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მიმართ. კვლევა მიეწოდათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ კორპუსს, რომელთაგანაც, მნიშვნელოვანი გამოხმაურებები მომზადდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner