საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა NATO-ს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება მნიშვნელოვან პროგრესს როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით.
„მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მტკიცედ და თანამიმდევრულად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და გვერდში გვიდგას ევროკავშირსა და ალიანსში გაწევრიანების გზაზე. ჩვენი მხრივ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის პოზიტიური დინამიკა და NATO-საქართველოს ურთიერთობები გავხადოთ შინაარსობრივად კიდევ უფრო დატვირთული. საქართველოს აქვს პროგრესი და ხელშესახები შედეგები ამ მიმართულებით. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან კავშირების გამყარებას და ასრულებს მნიშვნელოვან ვალდებულებებს იმით, რომ მონაწილეობს NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებსა და NATO-ს მისიებში. NATO-სთან დაახლოების მიმართულებით ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება მნიშვნელოვან პროგრესს როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით. იმედი მაქვს, რომ NATO-ს ვარშავის სამიტის ფარგლებში საქართველო მკაფიო გზავნილს მიიღებს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისკენ არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ წასვლას.
„დღეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მასშტაბები, რომელთა წინაშეც დადგა მსოფლიო, ალიანსის წევრებისა და პარტნიორებისგან მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას. ეს არის ეფექტიანი ბრძოლის საშუალება ევროატლანტიკურ სივრცეში და მის საზღვრებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. ამიტომაც იქცა სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენი პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად. უსაფრთხოების კუთხით დღეს არსებული ახალი გამოწვევები პასუხებს მოითხოვს და სწორედ ამ საკითხებს დაეთმობა დღევანდელი ფორუმი. სახალხო დიპლომატიის ფორუმი სწორედ ის ფორმატია, რომელიც იძლევა ახალი გამოწვევებისა და სტრატეგიების განხილვის, ერთმანეთისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და შედეგების შეჯამების შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ საქართველოში სახალხო დიპლომატიის ფორუმის ჩატარება ყურადღების ცენტრში მოაქცევს ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებსაც. დარწმუნებული ვარ, თბილისის ფორუმი ხელს შეუწყობს სახალხო დიპლომატიის ექპერტთა ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად საერთო სტრატეგიებისა და მიდგომების შემუშავებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებს - NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისს.