საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს ქართული მხარისთვის რაიმე თხოვნით არ მოუმართავთ. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც სხვა სტრუქტურები, მუდმივ კომუნიკაციაში არიან ორივე მეზობელთან.
„ვცდილობთ, ვიყოთ მუდმივად ინფორმირებული და მუდმივად კომუნიკაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა გუშინ ქართული სახელმწიფოს პოზიცია, რომელიც, რა თქმა უნდა, თანხვედრაშია ჩვენი პარტნიორების პოზიციასთან. მთავარი ამოცანა დღეს არის ცეცხლის შეწყვეტა. როდესაც ირგვლივ სროლებია, როდესაც დაძაბულობა ამ მასშტაბს აღწევს, რაც მთიანი ყარაბაღის პირობებში ვნახეთ, აქ მთავარი ამოცანაა, შეწყდეს ცეცხლი. ამის შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს საუბარი ყველა დანარჩენზე", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მინსკის ჯგუფის შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით შედეგიანი იქნება.
თავდაცვის მინისტრი გუშინ ესაუბრა თავის სომეხ კოლეგას, დღეს კი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან გეგმავს კომუნიკაციას.