„აღსრულების ეროვნული ბიურო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ აღმასრულებლის სახელით განხორციელებული მუქარის შემცველი ზარებისა თუ შეტყობინებების შესახებ, აცნობონ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ინსპექტირების სამსახურს", - აღნიშნულ განცხადებას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოქალაქეების მიმართ მუქარის შემცველი ზარები არ ხორციელდება ბიუროს მხრიდან და სხვა სუბიექტს არ აქვს მსგავსი ქმედების განხორციელების უფლება.
„მსგავსი ტიპის შანტაჟისა და მუქარისთვის ბიუროში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული ფოსტა და ფუნქციონირებს ცხელი ხაზის ნომერი -(032) 2 749 649. Mail: Report@nbe.gov.ge
შევახსენებთ მოქალაქეებს, რომ იძულებითი აღსრულების ფარგლებში სხვის საკუთრებაში შესვლას, ქონების დაყადაღებას, აღწერას და სხვა იძულებით ღონისძიებებს, აქვს თავისი ფორმები და ის რეგულირდება კანონით სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, სხვა პირს, სხვა სუბიექტს არ აქვს მსგავსი ქმედების განხორციელების უფლება.
მოქალაქეების მიმართ მუქარის შემცველი ზარები არ ხორციელდება ბიუროს მხრიდან, რომელსაც აღსრულების პროცესისადმი სხვა, მხარეების მორიგებაზე ორიენტირებული პოლიტიკა აქვს. ეს ზარები, სამწუხაროდ, ხორციელდება კერძო პირებისა და ზოგიერთი კომპანიის მიერ, რა დროსაც, მეტი დამაჯერებლობისთვის, ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელის გამოყენება.
ბოლო წლების განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზანია, შეასრულოს მედიატორის როლი, რათა მხარეებს შორის დავა მორიგებით დასრულდეს", - ნათქვამია განცხადებაში.