საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, იწყება რიგით მეხუთე საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი CinéDOC-Tbilisi.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 10 მაისს, 12:00 საათზე კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფესტივალის დირექტორი არჩილ ხეთაგური, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოდზიუნასი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის დირექტორი ფელიქს ჰეტი, საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ჟან-ივ ლავუარი, გოეთეს ინსტიტუტის კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენელი თამთა გოჩიტაშვილი და East-West Management Institute-ის ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი თამარა გურჩიანი გაუძღვებიან.
დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი CinéDOC-Tbilisi ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება და 16 მაისს დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება.
CinéDOC-Tbilisi წელს, 5 წლის ხდება და მაყურებელს მრავალფეროვან, მასშტაბურ ღონისძიებებს სთავაზობს - კინომოყვარულებს საშუალება ექნებათ ნახონ 67 დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.
წლევანდელ ფესტივალს გერმანელი რეჟისორის, კაროლინ გენრეიტის ფილმი „ბედნიერი" გახსნის. ფილმი 60 წლის მამაკაცზე მოგვითხრობს, რომელიც თავისი წილი ბედნიერების საპოვნელად შორეულ ტაილანდში გაემგზავრება და საბოლოოდ იპოვის კიდეც მას. გახსნის ცერემონიალს რეჟისორი და მისი მამა (ფილმის მთავარი გმირი) დაესწრებიან.
ფილმები ხუთი ძირითადი თემატიკის მიხედვითაა დაყოფილი, რომელსაც წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ესენია: სოლიდარობა, უსაფრთხოება, ვნება, ფანტაზია და რწმენა.
ჩვენებების შემდეგ გაიმართება დისკუსიები და კითხვა-პასუხის სესიები, სადაც მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლება, გარდა ამისა ჩატარდება მასტერკლასები,სადაც პროფესიონალები კინოთი დაინტერესებულ ადამიანებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.
მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს ექვსი ერთმანეთისგან განსხვავებული და საინტერესო ქართული ფილმი, მათ შორის, ლევან კოღუაშვილის ნამუშევარი „გოგიტას ცხოვრება", რომლის პრემიერაც პირველად საქართველოში, სპეციალურად CinéDOC-Tbilisi ფესტივალზე შედგება, ასევე, ლევან კოღუაშვილის ფილმი საერთაშორისო კონკურსში იღებს მონაწილეობას.
შედგება ასევე, შორენა თევზაძის ფილმის „დიდუბე ბოლო გაჩერება"საპრემიერო ჩვენება. აღნიშნული ფილმი Focus Caucasus საკონკურსო სექციაში მონაწილეობს.
წლევანდელ ფესტივალზე საჩვენებელი ფილმების რაოდენობასთან ერთად, გაზრდილია საერთაშორისო სტუმრების რაოდენობაც. თბილისს ეწვევა 50 სტუმარი, რომელთა შორის არიან: რეჟისორები, პროდიუსერები, ფილმების მთავარი პერსონაჟები, ოპერატორები, მონტაჟის რეჟისორები და ა.შ.
წელს, CinéDOC Tbilisi -ის სპეციალური სტუმრები არიან: რეჟისორი პირიო ჰონკასალო, რომელიც წარადგენს ნამუშევარს: „მელანქოლიის სამ ოთახს" (გადაღებულია ჩეჩნეთში); მერი ლემპსონი (აშშ), რომელიც ჩაატარებს მასტერკლასს სახელწოდებით „მონტაჟის ხელოვნება" და ისაუბრებს ოსკაროსან ფილმზე, „ჰარლანის ოლქზე", რომლის მონტაჟის რეჟისორიც თავად იყო.
CinéDOC Tbilisi-ის მეხუთე გამოშვების სტუმარი ქვეყანაა ლიტვა. სპეციალურად ამ ფესტივალისთვის საქართველოს ლიტვის დელეგაცია, მათ შორის ლიტვის კინოცენტრის დირექტორი, როლანდას კვიეტკაუსკაში ეწვევა.
ფესტივალი წელს დიდ ყურადღებას უთმობს შრომით უფლებებს. ამ თემაზე შექმნილი 8 დოკუმენტური ფილმი წარმოდგენილი იქნება როგორც CinéDOC Tbilisi-ის საკონკურსი სექციაში - CivilDOC, ასევე სპეციალური ჩვენებების სახით. თითეულ ჩვენებას ერთვის დისკუსია თემის გარშემო, რომელშიც ჩართული არიან კინოპროფესიონალები და თემის ექსპერტები.
„შრომის კამპანია" ფრიდრიხ ებერტის ფონდთან ერთად ხორციელდება.
ფესტივალის დასრულების შემდგომ, დაიწყება რეგიონალური ტურები, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ინდუსტრიულ ცენტრებში და ქალაქებში კინოჩვენებები და დისკუსიები გაიმართება.
კინოთეატრებთან, რუსთაველთან, ამირანთან და კინოს სახლთან ერთად, ღია ჩვენებები გაიმართება მზიურსა და Backstage 76-ში - ვაკის პარკში. ჩვენებების ბოლოს გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები და კონცერტები.