სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ NATO-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავება გვიწევს, რაც უკავშირდება საქართველოს არაკეთილმოსურნეების სურვილს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ნიჰილიზმი ჩაუნერგონ.
ბაქრაძის განმარტებით, ეს ყოველივე წარმოადგენს მითებზე აგებული პროპაგანდის ნაწილს, რომლის მიზანია, მოსახლეობას უარი ათქმევინონ ევროატლანტიკურ არჩევანზე.
„NATO-ს კვირეული, რომელიც საქართველოში წელს მეცხრედ ტარდება, სწორედ ის პროექტია, რომელიც საზოგადოებას ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის.
NATO-ში გაწევრიანების გზაზე პროგრესის შესახებ ჩვენი საზოგადოების ინფორმირება მთავრობის პრიორიტეტული ამოცანაა. არაერთი წლის მანძილზე ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე, განვახორციელეთ შესაბამისი რეფორმები, გაძლიერდა შეიარაღებული ძალები და თავდაცვის ინსტიტუტები", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.