წერილი II
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ ოპოზიციაში „შესაკრებლები" მცირედით გადაადგილდა, რასაც „ჯამი" არ შეცვლილა. ამის მიზეზი მარტივია: „ჯამის" მთავარი განმსაზღვრელი, ქვეყნის გარედან მოქმედი ერთგვარი სტრატეგიული მართვის ცენტრი, ისევ აქტიურად არის ჩართული საქართველოს პოლიტიკურ პროცესში და მაქსიმალურად ცდილობს, სადავეები ხელიდან არ გაუშვას
(იხ. წერილი I. http://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=42813 )
პირველ აბზაცში გამოთქმული შეფასების მიზანი არ არის, რომ ვინმე კრიტიკულად განვაწყო ზემოხსენებული „ცენტრის" მიმართ. პოლიტიკური მუშაობის ეს ფორმა დიდი სახელმწიფოების ჩვეულებრივი დღის წესრიგია, მითუმეტეს, თუ საქმე ეხება გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვან პატარა სახელმწიფოებთან ურთიერთობას.
დღევანდელ მოუწესრიგებელ მსოფლიოში მშვიდობის ერთადერთი გარანტი ამერიკის შეერთებული შტატებია. ამ მისიის შესასრულებლად მას ესაჭიროება საიმედო საყრდენები ამა თუ იმ რეგიონში და ერთი ასეთი საქართველოა. მსოფლიო პოლიტიკის მეორე მთავარი მოთამაშის, რუსეთის ინტერესების იგნორირება მათი მხრიდან, ამ ეტაპზე, რუსეთის ძლიერების ხარისხიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვერ ხერხდება. ამ იძულებითი დათმობის შედეგია სოხუმსა და ცხინვალში შექმნილი ვითარება. ვიღაცისთვის „დათმობა" - ჩვენთვის ტრაგედიაა. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ საქმეში ყველაზე დიდი დამნაშავე „ნაციონალური" ხელისუფლებაა.
მე ვიზიარებ მოსაზრებას, რომ სააკაშვილმა გეგმაზომიერად განახორციელა რუსეთის სპეცსამსახურების დავალებები, რაშიც მას „თანადგომას" უცხადებდნენ გარკვეული ტრანსეკონომიკური ინტერესების წარმომადგენელი სუბიექტები დასავლეთიდან. პოლიტიკურ და ფინანსურ პრობლემებში გახვეულ პრეზიდენტ-ავანტიურისტს, როგორც გამოსავალი, შესთავაზეს შემდეგ პრინციპზე დაფუძნებული გეგმა - „ომი ყველაფერს ჩამოწერს"...
ქართული პოლიტიკა ბეწვის ხიდზე გადის. ეს არის მოცემულობა, რომელსაც ვერ გაექცევი. პირველ წერილში ვწერდი: „მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს, თამაშის ეს წესი განსაზღვრავს ქართული პოლიტიკის სტრატეგიასა და ტაქტიკას. „ქართული ოცნების" ამოცანაა, ამერიკელი პარტნიორები დაარწმუნოს ერთგულებაში და აღებული კურსის შეუქცევადობაში და თანდათან, დროთა განმავლობაში მიაღწიოს მათგან ამ ურთიერთობაში პრიორიტეტად საქართველოს სახელმწიფო ინტერესის აღიარებას".
სულ სხვა ამოცანა დაისახეს „ყველა დანარჩენმა". ესაა პირადი ინტერესისა და პირადი ამბიციების დაკმაყოფილება... არგუმენტები? - რამდენიც გენებოთ: ვერავინ გაიხსენებს, „ოპოზიციის" სუბიექტებს პრინციპებისთვის ებრძოლოთ, ყოველთვის კარგად ერგებოდნენ „მოქალაქეთა კავშირსაც" და „ნაციონალურ მოძრაობასაც". რაც შეეხებათ ე.წ. ენჯეოებს, ისინი ხომ ამ ორი მონსტრის „შვილობილი კომპანიები" იყვნენ და არიან. ეს შეფასებები უამრავი ფაქტით არის გამაგრებული და თითოეული კარგად არის ცნობილი საზოგადოებისთვის.
„ოპოზიციის" არგუმენტი - ამდენ პარტიას, ამდენ არასამთავრობოს და ამდენ ექსპერტს, ყველას ერთად, როგორ შეიძლება გვეშლებოდეს და ერთი „ოცნება" იყოს მართალიო (ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ასე იყოფა „სპექტრი") - ზოგადად, უცხო ყურისთვის, შეიძლება შთამბეჭდავადაც ჟღერდეს, მაგრამ საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედულმა ადამიანმა (ასეთია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა) ხომ კარგად იცის, რომ ეს „ყველა" ერთი ავთვისებიანი წარმონაქმნის, „ნაციონალური მოძრაობის" მეტასტაზებია.
ბინძურ (თუ იკადრებ) პოლიტიკაში დიდი ფული ტრიალებს და ერთხელ მაინც თუ წაგიცდა ხელი... რომ იტყვიან, „პირველია ძნელი, თორემ მერე სულ ლიწინ-ლიწინით მიდისო".
დღევანდელიც ვთქვათ - ვინმე მაჭუტაძის, სამწუხაროდ, პოლიტიკაში შეცდომით შემოსული და პოლიტიკიდან არცთუ სასახელოდ წასული პაატა ბურჭულაძის (არადა, დიდი მომღერლის) დანატოვარის, ზურგს რომ ამოეფარები და პირსისხლიან „ნაცებთან" ერთად კამპანიაში რომ ჩაერთვები „დემოკრატიის გადასარჩენად", მეტი რაღა სირცხვილი და თავის მოჭრა უნდა დამართო საკუთარ უმწეო და უღირსებო არსებობას?
განახლებული კონსტიტუცია „ქართული ოცნების" დიდი პოლიტიკური განაცხადია. მოწინააღმდეგეებში ავტომატურ რეჟიმში ამუშავდა წარმატებული პროცესისთვის ხელის შეშლის გეგმა. კონტრარგუმენტები, როგორც პირველ წერილში ითქვა, თითიდან არის გამოწოვილი და მთელი კამპანია სპეკულაციებზეა აგებული.
რეალობა ისეთია (სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს), რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ყველაზე ემოციურად ის სუბიექტები აპროტესტებენ, ვისთვისაც მართლაც რომ დიდი თავისტკივილი იქნება ამ წესის უცვლელად დატოვება.
პირველი, ვისთვისაც პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნებში მონაწილეობა მძიმე პოლიტიკური შედეგის მომტანი იქნება, მოქმედი პრეზიდენტია. წინა წერილში ვწერდი - „გიორგი მარგველაშვილის შანსი ხელისუფლების ნებისმიერ კანდიდატთან ნულის ტოლია. ამიტომ, ცდილობს, „ქართული ოცნების" შეთავაზება ძალაში არ შევიდეს, თანაც ისე, რომ ეს თვითონ შეთავაზების ავტორს, მმართველ ძალას დაბრალდეს". ეს მცდელობა იმაში გამოიხატება, რომ ხელისუფლების კომპრომისს, 2018 წლის არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარების თაობაზე, თანხმობით არ პასუხობს.
მეორე, ვისაც ჭირის დღესავით უნდა ეშინოდეს პირდაპირი არჩევნების, „ნაცების" ე.წ. ბოკერიას ფრთის წარმომადგენლები არიან, რადგან, ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, პირწმინდად, დიდი ანგარიშით დამარცხება ელით სააკაშვილის კანდიდატთან. პირდაპირი არჩევნების მესამე სავარაუდო მსხვერპლი ნინო ბურჯანაძეა, რომელიც 2013 წელს ნაჩვენები შედეგის ნახევარსაც ვერ შეწვდება და თანაც, მესამე პოზიციის დათმობაც მოუწევს.
ყოველივე ზემოთქმული იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ მათი აგრესიული კამპანიის მიზანია, ხელისუფლებას როგორმე უკან წააღებინონ კომპრომისული შეთავაზება. ერთი მხრივ, ეს საშუალებას მისცემთ, თავი დაიხსნან 2018 წელს მათთვის მოვლენათა ნეგატიური განვითარებიდან, ხოლო მეორე მხრივ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწარმოონ ანტისახელისუფლო კამპანია ლოზუნგით - „ხალხს წაართვეს არჩევანი".
„ოპოზიციის" პროტესტის მეორე თემაა პროპორციული წესით ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში თავისუფალი მანდატების განაწილების წესი. მთავარი, რაც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ „ქართული ოცნება" მიდის უპრეცედენტო დათმობაზე, როცა უარს ამბობს მაჟორიტარობის ინსტიტუტზე. სწორედ ამგვარი ნაბიჯები გვიმტკიცებს რწმენას, რომ დღევანდელი ხელისუფლება თვისებრივად განსხვავდება ყველა წინამორბედისგან და აძლიერებს მისდამი ნდობას.
„ქართული ოცნების" ამოცანა, დაიცვას ბალანსი პლურალიზმსა და სტაბილურობას შორის, აბსოლუტურად გასაგები პოზიციაა. ორპოლუსიან სისტემაში, 25-წლიანი ძარცვის შედეგად ეკონომიკურ სიდუხჭირეში მყოფი ქვეყნის პირობებში, ჩამოუყალიბებელი პარტიული სისტემის პირობებში დაუშვებელია მყარი უმრავლესობის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. იხატება მკაფიო სურათი - თუ „ოცნება" დაკარგავს უმრავლესობას, ის აღმოჩნდება „ნაციონალური მოძრაობის" ხელში. ცხადია, „ნაცები" თავის სატელიტებთან ერთად ესწრაფვიან პროცესების ამგვარ განვითარებას, მაგრამ სრულიად გაუგებარია (საღი აზრის პოზიციებიდან), რას ემსახურება „პატრიოტთა ალიანსისა" და ნინო ბურჯანაძის გააფთრებული წინააღმდეგობა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეს ორი პარტია დამოუკიდებლად, სავარაუდოდ, ვერ გადალახავს ბარიერს. რომც გადალახონ, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემოთავაზებული წესი მათ მხოლოდ თითო მანდატით თუ აზარალებთ. მაშ რა უნდა იყოს „ნაცებთან" უნისონში ემოციების ფრქვევის მიზეზი? რადგან ანალიზს კარგ დასკვნებამდე ვერ მივყავართ, ამ კითხვაზე პასუხისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. იმედი მაქვს, ისინი ბათუმში გამართული შეხვედრის ვიდეოჩანაწერს ობიექტური თვალითა და ყურით შეაფასებენ და შესაბამის დასკვნებს გამოიტანენ...
წინამდებარე წერილს ამ მრავალწერტილზე დავასრულებდი, მაგრამ გული არ მითმენს, არ ვთქვა, რომ - შეიძლება არც იურისტი იყო და არც პოლიტიკოსი, მაგრამ რაღაცის სწავლის უნარი თუ გაგაჩნია, ოთხი წელი სრულიად საკმარისი დროა იმისთვის, რომ გაიგო, რა არის სტატუსი, რა არის კომპეტენცია, რას ნიშნავს სიმბოლური როლი, რას ნიშნავს ზეპარტიული, რას ნიშნავს ხელისუფლების წყაროა ხალხი და როგორ ხდება დემოკრატიის ამ ამოსავალი დებულების რეალიზება და რა განსხვავებაა საპრეზიდენტო, ნახევრადსაპრეზიდენტო და საპარლამენტო მმართველობებს შორის - ჩვენს პრეზიდენტს ვგულისხმობ. რასაც მისგან ვისმენთ პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებზე მსჯელობისას, არის სრული უპასუხისმგებლობა.
დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო განხილვების შემდგომი რაუნდები კიდევ ბევრ მასალას დააგროვებს იმის საილუსტრაციოდ, თუ რა უმწეოდ გამოიყურება უცოდინრობა ცოდნის ფონზე, დემაგოგია არგუმენტების ფონზე, პოლიტიკური სპეკულაციები სახელმწიფო ინტერესების ფონზე...
ქართულ პოლიტიკაში განვითარების ახალი ეტაპი მიმდინარეობს და კარგია, რომ ეს ყველაფერი კონსტიტუციით იწყება!
გიორგი ქებულიძე
09.05.2017