logo_geo
eng_logo
დიტო გელოვანი: მსხვილი სარები ცოცხებისათვის
- +

4 აპრილი. 2016. 11:45


ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში - ვერსია...



ერთი ახალი ქართული ზღაპრის მიხედვით, ლენინი და სტალინი ძმებია. აფხაზური  ზღაპრის მიხედვით, მათ აქვთ წიგნი, რომლის საშუალებითაც ისინი ავრცელებენ ხალხში სიბრძნეს, ბოროტ ძალებს სურთ წიგნის მოტაცება. უფროსი ძმის - ლენინის გარდაცვალების შემდეგ სტალინი ავრცელებს ხალხში სიბრძნეს. კახეთში ჩაწერილი ზღაპარი მოგვითხრობს, თუ როგორ მოუპოვა სტალინმა ხალხს წყაროს წყალი, რომელსაც საშინელი გველეშაპი ფლობდა, როგორ გამოიყენეს ლენინმა და სტალინმა მფრინავი ხალიჩები თვითმპყრობლობასთან ბრძოლაში რევოლუციის დროს და სხვ. ზღაპარი დღესაც ზეპირსიტყვიერების მეტად მნიშვნელოვანი ჟანრია.


(მშობლიური ლიტერატურა. მერვე კლასის სახელმძღვანელო. 1953 წელი)


ზღაპარი რომ დღესაც ზეპირსიტყვიერების მეტად მნიშვნელოვანი ჟანრია, ვფიქრობ, ამის შესახებ ორი აზრი არ არსებობს. საერთოდაც, აზრთა პლურალიზმის შესახებ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა თემაა - აზრთა პლურალიზმი, ხოლო რაც შეეხება ზღაპარს და ზღაპრებს, ჩვენი უფლებაა, ყოველგვარი მოსაზრების გამოთქმის გარეშე, ზღაპარი ან დავიჯეროთ და ან - არა, და გადაწყვეტილებებიც ამის მიხედვით, დამოუკიდებლად მივიღოთ. გაუმარჯოს დამოუკიდებლობას! გაუმარჯოს რუსული ენერგომატარებლებისგან დამოუკიდებლობას! გაუმარჯოს ამერიკული გრანტებისგან დამოუკიდებლობას! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, სადაც ყველა დამოუკიდებლად იყრის... როგორც ერთ-ერთ საინფორმაციო გადაცემაში გოგი თოფაძემ მოკლედ მოჭრა - „ყველანი დამოუკიდებლად ვიყრითო" და მე კი მივხვდი, რის ყრასაც აპირებენ ბ-ნი გოგი და სხვა ბატონები, მაგრამ ეგრევე ერთმა აზრმა გამიელვა - იქნებ „კენჭისყრას" დავარქვათ „სარისთხრა" და ვთქვათ ხოლმე, რომ, მაგალითად, ამა და ამ დღეს ჩატარდება საყოველთაო-სახალხო სარისთხრა, ან ესა და ეს პიროვნება ამა და ამ რაიონის მაჟორიტარად აპირებს სარისთხრას, ანაც ჩატარდა ფარული სარისთხრა, ღია სარისთხრა და სარისთხრის შედეგები ამა და ამ დღეს გახდება ცნობილი.


ამ იდეას აქვს ერთი სუსტი წერტილი. კერძოდ, კენჭი ბევრია, აიღე და იყარე, მაგრამ კენჭისგან განსხვავებით, სარები ცოტაა და ვინ, როდის, სად და რამდენს ითხრის, ამას კანონმდებლობა არეგულირებს და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აკონტროლებს. მოკლედ, ვის რამდენი სარი ექნება, ეს გიგლა აგულაშვილის გადასაწყვეტია.


ეს ისე, უბრალოდ და ნაწილობრივ. უბრალოდ, იმიტომ, რომ ვიხუმრე, ხოლო ნაწილობრივ, იმიტომ, რომ ვიხუმრე ნაწილობრივ. მეოცნებეებმა, მრეწველებმა, რესპუბლიკელებმა, კონსერვატორებმა და კიდევ ბევრმა, კენჭისყრაში მიიღონ მონაწილეობა, ხოლო სააკაშვილის ნაციონალები და ნაციონალების ლეიბორალისტები სარისთხრას მიაწვნენ.


მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებაა და თავს არავის ვახვევ. არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც. მაგალითად, ნაციონალებს და ლეიბორალისტებს პროცედურაში უნდა შეუერთდნენ სხვებიც, რადგანაც ეს სხვები თავიანთი განცხადებებით სულაც არ იმსახურებენ კენჭისყრაში მონაწილეობას. აი, ეს განცხადებებიც - ორი ნიუსი: „ჩემთვის მართლა გაურკვეველი დარჩა, უსაფრთხოების სამსახური რუსეთთან მიმართებაში რაიმე ფორმით საქმიანობს თუ არა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სუს-ის ანგარიშს ისმენენ" და „არსებობენ განსხვავებული პოლიტიკური მიმართულების პარტიები: მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები, ლიბერალები და აშ. თუმცა, მათ გარკვეული საერთო აქვთ. ლიბერალებთან ჩვენ არასოდეს ვითანამშრომლებთ, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ".


ორი განცხადება, რომელთაგან ერთში გაურკვევლობაზეა საუბარი, ხოლო მეორეში - მტკიცე გადაწყვეტილებაზე. რა არის, იცით? ნახალოვკელებისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია, მათი მაჟორიტარი, თამარ კორძაია, საქმიანობს თუ არა რამე ფორმით ნახალოვკელებთან მიმართებაში (ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ ითვლება), ასევე, გასარკვევია მრეწველთ-მრეწველ ტყემალაძის (თოფაძის მახვილის) კომპეტენტურობის საკითხი - იცის თუ არა მან, რას ნიშნავს „ლიბერალი" და რას გულისხმობს ეს სიტყვა? როგორც ჩანს, მას ლიბერალებად მიაჩნია დარდაკა, ხარჩო, დარჩო, ალესკერა და რუდოლფ ვალენტინოვიჩი, ხოლო დათა თუთაშხია და მოსე ზამთარაძე - კონსერვატორების ფრთას წარმოადგენენ.


ბ-ნი ტყემალაძე ცდება. ხარჩო და დარჩო ენჯეოშნიკები არიან, კაჟა ბულავა და ბონია-მეწისქვილე - ნაციონალები, თუთაშხია და ზამთარაძე - ლიბერალები, კონსერვატორი კი მხოლოდ ერთია - ზვიად ძიძიგური.


ერთი ზღაპრის მიხედვით, რესპუბლიკელები ფლობენ სიბრძნის წიგნს და ხალხში ცოდნას ავრცელებენ... მეორე ზღაპრის მიხედვით, ტყემალაძე და თოფაძე ძმები არიან და მრეწველობის გადასარჩენად მფრინავ ხალიჩას იყენებენ... მესამე ზღაპრის თანახმად კი, „ეროვნული ფორუმი" არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.


ეს ანეკდოტი ალბათ გახსოვთ: ჭიჭიკიას ტყეში გზა დაებნევა, ბაბა-იაგა შეხვდება და ეტყვის - ერთხელ გამიწკაპუნე და ტყიდან გაგიყვანო. გაუწკაპუნებს ჭიჭიკია. ბაბა-იაგა ტანსაცმელს იცმევს და ჭიჭიკიას საყვედურობს - ამხელა კაცს კიდევ როგორ გჯერა ზღაპრებისო.


ფაქტია, რომ წინ ბევრი დაძაბული ამბავი გველის. დავაკვირდეთ, დავფიქრდეთ,  ასჯერ გავზომოთ და ერთხელ გადავჭრათ, მაგრამ რიჟა-ზურაბას (ჯაფარიძის) განცხადება - „როგორც ჩანს, კოალიციის შიგნით დაძაბულობამ და გაურკვევლობამ იმატა" - დაუფიქრებელ და ემოციურ რეპლიკას მოითხოვს: „სანამ სხვაში დაძაბულობის მატებას დაუწყებ ძებნას, გაიტრუნე და ეგრევე მიხვდები, რამ იმატა თავად შენს შიგნით".


ზურაბ ჯაფარიძე მოყვარული ეკონომისტია, მიხეილ მაჭავარიანი - სიგარეტის კოლოფებზე აქციზური მარკების პროფესიონალი დამკვრელი. როგორც კი მაჭავარიანს დავინახავ, ეგრევე სიგარეტი „ბრილიანტი" მახსენდება, მაგრამ გასულ კვირაში, როცა მაჭავარიანმა თქვა „მთავრობის ეკონომიკური თეორია ასეთია: ღამით ვარსკვლავებს შეხედავენ და იტყვიან, დღეს ლარი ცოტათი გამყარდება"-ო, გავედი აივანზე, მოვუკიდე სიგარეტს (თან, იმ დღეს „გლუბოკი ნაპასებთან" ბრძოლის თუ რაღაც ეგეთის დღე იყო), ავხედე ვარსკვლავებს, მოვძებნე შესაბამისი წერტილი და გავიფიქრე: „არმაგედონის ზანგო, რაღაც ძალიან გაგიგრძელდა ასტეროიდზე ყოფნა. დატოვე მანდ ბრიუს ვილისი და დაბრუნდი, გელოდებიან ნაცები, გელოდებიან ლეიბორალისტები, გელოდებიან სტუდენტური თვითმმართველობები, პროფკავშირები და კომკავშირები, ვაზელინიანები. გელოდებიან და მზად არიან. შენ ეტყვი: „იყავ მზად!", ხოლო ისინი ფეხებს მხრების სიგანეზე გაშლიან და გამოგძახებენ: „მზად ვართ!".


ვაზელინიანებო, ვაზელინით ცხოვრება უსასრულო საშინელებაა თქვენთვის, თქვენი ბოლო არმაგედონის ზანგია და თქვით მადლობა, რადგან უსასრულო საშინელებას საშინელი დასასრული სჯობს.


„ფულის და ვერცხლის თაყვანისცემით, ბიძინა ივანიშვილის გარშემო შექმნილი მმართველი კოალიცია დაიშალა, ხოლო ხელისუფლება ჩამოიშალა, გილოცავთ ამ ისტორიულ მოვლენას. საქართველოში დღეიდან იწყება ახალი პოლიტიკურ-დემოკრატიული პროცესი, რის შემდეგაც ჩვენ არასოდეს არ უნდა ავირჩიოთ ანგარებაზე მორბენალი პარტიები, რომლებიც შეფარებულები იქნებიან სხვადასხვა ბლოკებსა და ალიანსებში, ჩვენ სამუდამოდ უნდა გადავუკეტოთ მილიონერთა კასტას ხელისუფლებაში შემოსაძვრომი ყველა ხვრელი. დაშლამდე მათ მოასწრეს, რომ ეკონომიკას მიეღო ინსულტი, სოციალურ პოლიტიკას - ინფარქტი, პოლიტიკას - კოლაფსი, ხელს გააყოლეს რამდენიმე მილიარდი და შემოაღობინეს ოკუპანტებს ქართული ტერიტორიები. რა თქმა უნდა, საქმე ძალიან ბევრია და საქართველოს ლეიბორისტული პარტია მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე და იმაზე, რომ ჩვენი სამშობლო გავა სამშვიდობოზე და ის იქნება გამარჯვებული და არა იმ მდგომარეობაში, რაშიც ჩვენ ჩაგვაგდეს ამდენი დანაშაულებრივი ტყუილებით და დანაშაულებრივი პოლიტიკით", - იყვირა გასულ კვირაში შალვა ნათელაშვილმა.


ეჰ, ბერტოლდ ბრეხტ, ბერტოლდ... ძალზე ადრე დაიბადე და უდროოდ დაგვტოვე. რა დროს შენი წასვლა იყო... მაგრამ, რა მაგარი იყო „ფული ბევრი გვაქვს, შალვაააა" და რა მაგარი იქნებოდა „ხელი მოისვი, შალვააა".


და განა მხოლოდ შალვამ...


ეს მოვლენა ჯერ იყო შემაშფოთებელი, მერე გახდა აღმაშფოთებელი, ახლა კი ძალიან სასაცილოა. რას ვგულისხმობ? რას და, იმას, რომ  ვიღაც ვიგინდარამ ან არცთუ ვიგინდარამ (არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა) საკმარისია თქვას ან დაწეროს რაღაც ცუდი, უარყოფითი, ნეგატიური, რომ მაშინვე ისე ატეხენ ხოლმე ერთ ამბავს, რომ არც კი შეეცდებიან, გადაამოწმონ, ეს მართლა ასე იყო, არც ისე ასე იყო თუ, საერთოდაც, საერთოდ არ იყო ასე და იყო ისე, ანუ პირიქით.


გასულ კვირაში ერთი ცნობილი ადამიანის შვილი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. მივიდა სასწრაფო დახმარება, ბავშვი გადაიყვანა კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარდა ოპერაცია, ღვთის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ცოტათი დავწყნარდით, წამოვიდა პოზიტივი („მადლობა ექიმებს", „თქვენ მარჯვენას ვენაცვალე"...) და ამ დროს ვიღაც თუ ვინცხა ამბობს, რომ იქ იყო, ყველაფერი დაინახა, ჩართო წამმზომი და წამმზომი რისი წამმზომია, თუ ყველაფერი წამებში არ დააწამმზომა? ჰოდა, იმ ვინცხა-ვიღაცამ დააწამმზომა, რომ სასწრაფო დახმარება ბავშვის დასახმარებლად მხოლოდ 20 წუთის შემდეგ გამოცხადდა.


აი ის ერთი ამბავი, ზემოთ რომ ვახსენე, ამის შემდეგ ატყდა. ატყდა ისე, რომ არ გადაამოწმეს, მოითხოვეს სასწრაფოს დახმარების მძღოლის დახვრეტა, მედპერსონალის ჩამოხრჩობა და ელექტროსკამები მათი ხელმძღვანელებისთვის.


იმ ვინცხას თუ ვიღაცის გვარი ახლა აღარ მახსოვს და არც გახსენებით შევიწუხებ თავს, ამიტომაც, დავარქვათ მას ჭუი (ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანცია) და წარმოვიდგინოთ, როგორ ბრიცავს ტუჩებს ეს კრებსითი „ჭუი" მაშინ, როცა ჩემი მეგობარი სააგენტო დადებითი ინფორმაციის შემცველ ნიუსებს ავრცელებს.


სააგენტო: „დევნილთა სამინისტრომ იმერეთში 200 სახლი შეისყიდა". ჭუი: „2000 უნდა შეესყიდა". სააგენტო: „საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება". ჭუი: „ჯერ გაშენდეს და მერე ვილაპარაკოთ". სააგენტო: „ბოლნისში 5000 სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგო". ჭუი: „გაიხარებენ, რო-ო?". სააგენტო: „თელავის თეატრის დაფინანსება 300 000 ლარით გაიზრდება". ჭუი: „500 000-ით უნდა გაზრდილიყო". სააგენტო: „ციხისძირის პარკს ბიძინა ივანიშვილმა 87 ხე აჩუქა". ჭუი: „აქამდე სად იყო?" სააგენტო: „ვერეს ხეობაში საცხოვრებელი სახლები და ბიზნესცენტრები არ აშენდება". ჭუი: „მაინც ააშენებენ, მე ვიყო ქინძი"...


ვამბობთ ჭუი-ს და ვგულისხმობთ ენჯეო-ს. ვინცხა-ვიღაცები, ენჯეოშნიკები და ქინძები რამ გაყო! სამართალი ხომ ურმით მოდის? ჩამოივლის და გადაივლის და გაყოფს მწვანე, საზიზღარი ბუზებით დახუნძლულ მწვანე მასას, სახელი, რომლისაც არს მელენტი, პოლიევქტი, ტიხონ და კელენიკე - ერთად, და ჭუი-ენჯეო - მთლიანობაში. ამ დროს კი, ჩვენ ვსხედვართ და გულიანად ვიცინით ზღაპრებზე:


„ჩვენ მაშინვე განვაცხადეთ, რომ ინფორმაცია, რომელიც იქ გაჟღერდა, ჩვენს კმაყოფილებას ვერ იწვევდა საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებით. გავიდა რამდენიმე დღე, კეთდება სხვადასხვა ტიპის განცხადებები, თუმცა თუ შედეგებით ვიმსჯელებთ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, გამოძიება წინ არ არის. ჯერჯერობით ჩვენ დამაკმაყოფილებელ ნაბიჯებს გამოძიებასთან მიმართებაში ვერ ვხედავთ", - განაცხადა ზვიად დევდარიანმა".


„ადრე იყო საუბარი იმაზე, თუ რამდენი ე.წ. გასაღები უნდა იყოს და ვის უნდა ჰქონდეს პირდაპირი წვდომა მობილურ ოპერატორებში დაცულ ინფორმაციაზე. დღეს ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, როგორ უნდა მოგვარდეს ეს სისტემა. მომზადებული კონცეფციით უნდა მივიდეთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც მონაწილეობს საპარლამენტო განხილვებში იმისთვის, რომ მოვიპოვოთ მათი მხარდაჭერა", - განაცხადა ეკა გიგაურმა".


ეს ზღაპრები მოგვითხრობს, როგორ მოუპოვეს ზვიად დევდარიანმა და ეკა გიგაურმა ხალხს წყაროს წყალი, რომელსაც საშინელი გველეშაპი ჰ(ჰ!)ფლობდა.


და ამასობაში ენჯეოშნიკთა ცის კაბადონზე, ვერძის თანავარსკვლავედში, ახალი ვარსკვლავი ამობრწყინდა - სოფო ვერძეული. პირველად რომ დავინახე, ზვიად დევდარიანმა წვერი გაიპარსა-მეთქი. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ზვიად დევდარიანი რომ დავინახე პირველად, ვიფიქრე, რომ ეკა გიგაურმა მოუშვა წვერი. ისე კი, გაგებაა მთავარი, კაცად უნდა ვარგოდე, თორემ წვერ-ულვაში კონჩიტასაც აქვს და ვახუშტი მენაბდესაც, ფანტომასი, საერთოდ, ქოსა იყო, ჰენრი პოინდექსტერს არ ჰქონდა თავი, ხოლო ძველ, ჩემი ბავშვობისდროინდელ ინდურ ფილმში „შურისძიება და კანონი" მთავარ გმირს არ ჰქონდა ხელები, ყველას ფეხებით სცემდა, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ თურმე ხელებიც ჰქონია და მაჯაზე შებმული კაი ოქროს საათიც.


მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ზვიად დევდარიანია წვერმოშვებული ეკა გიგაური თუ სოფო ვერძეული - წვერგაპარსული ვახუშტი მენაბდე. მთავარია, რას ამბობენ ისინი. რას ამბობენ - რადგან მათი გაკეთებული საქმე ჯერ არავის გაუგია.


„უკვე თემად იქცა, რომ ყველას წვდომა აქვს ჩანაწერებზე. აუცილებელია, რომ ამ საკითხზე მოხდეს გამოძიება და პოლიტიკურმა გუნდმა, რომლის წარმომადგენლებიც სხვადასხვა სახის არაეთიკურ განცხადებებს აკეთებენ აღნიშნულ თემაზე, უნდა მისცეს შეფასება. ჩნდება ეჭვი, რომ პოლიტიკური გუნდიდან ამ განცხადებებს ჰქონდა მხარდაჭერა. უმრავლესობამ შიდაპარტიულად უნდა იმსჯელოს, სად არის „პოლიტიკური გუნდი და რას აპირებს", - განაცხადა სოფო ვერძეულმა".


შედი, ქალო, ბუდკაში და, მერე, თუ დაიმსახურებ - „კუხნაში" - ეს არის ჩემი კომენტარი, ხოლო მეჭიაურის კომენტარი არის ეს: „ბოლოს ეგენი იმდენი დარჩებიან, რომ პლაკატის დამჭერიც არ ეყოლებათ".


საღოლ!!! საღოლ მითქვამს, ჟოფრეი დე პეირაკ, მეუღლევ უმშვენიერესი ანჟელიკა დე სანსე და მონტელუსი, ტულუზის გრაფო და კეთილშობილო მეკობრევ. საღოლ!


„მგონია, რომ არაკომპეტენტურმა სტრუქტურებმა, რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეთ, რომ სწრაფად დამთავრდეს გამოძიება, რაიმე კონკრეტულ ვადაზე არ უნდა ისაუბრონ, ვინაიდან კომპეტენცია, რა ვადაში შეიძლება ამა თუ იმ დანაშაულის გახსნა, ნამდვილად არ გააჩნიათ. თავად საგამოძიებო და საერთაშორისო სტანდარტიც მეტყველებს იმაზე, რომ კალენდარს და წამზომს, როგორც თქვენ ამბობთ, ნამდვილად არ უწერია სერიოზული განხილვა", - განაცხადა გასულ კვირაში გია ვოლსკიმ, მაგრამ რა შუაში იყო წამმზომი.


წამმზომი კიდენა, იმ შუაში იყო, რომა გასულ კვირაში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია „წამზომი ჩართულია" დაიწყო.


უჩა... უჩა! ჩა-ჩა-ჩა... ესტ ხაწიწე? და, და, და...


და გასულ კვირაში, სანამ წამმზომს ჩართავდა, 105-ათასიანი „მერსედესი" შეიძინა, თავი კი ასე იმართლა: „ჩვენ რომ შეგვეძინა სხვა მარკის ავტომობილი, შესაძლოა, ავტომობილის საბაზრო ფასი ნაკლები ყოფილიყო, თუმცა შესყიდვის შემდეგ მანქანებს ექმნება ტექნიკური პრობლემები, ჩვენ გათვლილი გვაქვს იმაზე, რომ მანქანა გამოიყენება ხანგრძლივი ვადით. გაზრდილია მომართვიანობა სახალხო დამცველის ოფისთან და ასევე გაზრდილია სახალხო დამცველის სამუშაო მასშტაბები. შესაბამისად, გადაწყვეტილება ადეკვატურად იქნა მიღებული. რაც შეეხება თანხას, თუ რამდენი გამოიყო ბიუჯეტიდან, მე ინფორმაცია არ მაქვს".


ეს კამპანიები მაგრად იციან. გირჩევთ, ინტერნეტ საძიებო სისტემაში აკრიფოთ სიტყვები „კამპანია ბოდიში". ძალიან საინტერესო რამე-რუმეებს გაიგებთ უჩაზე და უჩიზმის მოკრძალებულ ხიბლზე.


ეს თუ გაინტერესებთ - „ჯაბა სამუშიამ თემქაზე მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა"? და ეს - „ჯაბა სამუშიამ თემქაზე მდებარე კორპუსების შიდა სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა"?


არ გაინტერესებთ. ვის აინტერესებს ჯაბა სამუშია? ჯაბა სამუშია და თარგამაძე-ვეფხვაძე-ანიკაშვილი-გრიგოლია, ანუ ძმანი მისნი აინტერესებთ „თელასს" (დენი ათ თეთრად!!!), „ყაზტრანსგაზს" (გაზი ხუთ თეთრად) და „ჯივიპი-წყალკანალს" (წყალი უფასოდ!!!).


სამუშიამ თუ სამუშაოები არ დაათვალიერა და ოქრუაშვილი თუ ოქროს მთებს არ დაგვპირდა, რაა ცხოვრება?


„ქალაქის მერი არის იურული პერიოდის გადმონაშთი. მარტივად რომ ვთქვა, ეს არის დინოზავრების პერიოდი. ის არ ცხოვრობს ამ ქალაქში. მოწყვეტილია რეალობას, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება გარეთ, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, მის კისერზე „დამოკლეს მახვილი" უკვე დადებულია. უნდა აირჩიოს, ან გამოვა კაბინეტიდან, გავა ქალაქში და გაინძრევა, ან მის კისერზე „დამოკლეს მახვილი" დაეშვება და მისი თავი ქალაქში გაგორდება. მისი არჩევანია რომელს გადაწყვეტს", - განაცხადა ოქრუაშვილმა.


ოქრუაშვილსაც ჰქონია წამმზომი... ისადა... ცხინვალს და თამარაშენს რომელ ახალ წლამდე დავიბრუნებთ, ოქრო-კაცო?


აი, საინტერესო სათაური: „სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი კონფერენციას - „გენდერი და სასურსათო უსაფრთხოება" დაესწრო.


გაიგეთ რამე? ვერც მე გავიგე. სად გენდერი და სად „თესლების ზონალური სადგური" („დინამოს" სტადიონის პირდაპირ 90-იანების დასაწყისში ჯერ კიდევ იყო გამოკრული კომუნისტების დროინდელი აბრა ამ წარწერით)?


ჟოზეფ დოლი იყო ჩამოსული, უთხოვია და ციხეში შეუშვიათ უგულავას, ახალაიასა და მერაბიშვილის მოსანახულებლად. შესულა და, როგორც მისი იქიდან გამოსვლის თვითმხილველები ამბობენ, ბ-ნი დოლი საეჭვოდ იღიმებოდა, ხელებს კმაყოფილებით იფშვნეტდა და რაღაცას ბუტბუტებდაო. თვითმხილველებს არ სცოდნიათ ინგლისური, მაგრამ დოლის ბურტყუნიდან რამდენიმე სიტყვისთვის მოუკრავთ ყური და დაუმახსოვრებიათ. აი, ის სიტყვებიც:  „ნასა", „ბურღვა", „არმაგედონი".


აი, ეგეთი კვირა იყო, ამბებით დახუნძლული, კვირა, რომელმაც ერთი კითხვის ნიშანი მაინც დამიტოვა: როდის უფრო მეტ ტყუილს ამბობენ - 31 მარტს, როცა ერთ ვიღაცას ლამის წმინდანად რაცხავენ, თუ პირველ აპრილს, როცა მთელი მსოფლიო მეგრელების პროფესიულ დღეს აღნიშნავს?


და მაინც, გაუმარჯოს დამოუკიდებლობას, რადგან დამოუკიდებლობამ შარშან ამ დროს ასეთი ნიუსი გვისახსოვრა - „ჩხერიმელა" იაპონელ ფეხბურთელს აკვირდება", ხოლო გასულმა ეს დაგვიტოვა - „ოზურგეთის მერი ბრიუსელში იმყოფებოდა".



ს.შ.ყ.უ. (სახალხო შემსრულებელი ყველას უყვარს) ზღაპარი დღესაც დიდ ინტერესს იწვევს და კარგ მთქმელ-მეზღაპრეს ბევრი მსმენელი ჰყავს განსაკუთრებით სოფლად. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საღამოობით ახლაც იკრიბებიან სოფლელები ზღაპრის მოსასმენად. ასეთი საღამო-შეკრებების დროს ქალები ხელსაქმეს აკეთებენ და თან ზღაპრებს უსმენენ. წისქვილში ღამის გათევისას, აგრეთვე მგზავრობისა და სიმინდის რჩევის დროს, ხალხურ გადმოცემათა მოყოლა საუკეთესო გასართობია. სახალხო შემსრულებელი ყველას უყვარს და ზოგჯერ მას საგანგებოდ მოიწვევენ იქ, სადაც სამუშაო კოლექტიურად სრულდება.


(მშობლიური ლიტერატურა. მერვე კლასის სახელმძღვანელო. 1953 წელი)


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner