logo_geo
eng_logo
მაღალბიუჯეტიანი ფილმი „შინდისის“ გადაღებები იწყება
- +

11 მაისი. 2017. 11:44


ფილმ „შინდისის" გადაღებები დღეს ოფიციალურად დაანონსდა. მედიისთვის პრესკონფერენცია ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა გამართა. კლუბ „ლოლიტაში" გამართულ პრესკონფერენციაზე, ფილმის შინაარსისა და გადაღებების დეტალებზე ისაუბრეს იდეის ავტორმა და მთავარმა პროდიუსერმა ედმონდ მინაშვილმა, ფილმის რეჟისორმა დიტო ცინცაძემ, პროდიუსერმა მინდია ესაძემ, სცენარისტმა ირაკლი სოლომანაშვილმა, მსახიობებმა დათო ბახტაძემ და ია სუხიტაშვილმა. ასევე, 10 წლის მარიამ ჯიბლაძემ, რომელსაც ფილმში ერთ­ერთი მთავარი როლი ექნება.

 

ფილმის გადაღებები ზაფხულში დაიწყება, ივნისის თვიდან კი მასშტაბური ქასტინგები ჩატარდება. რეჟისორისა და პროდიუსერების განცხადებით, ისინი საქართველოს მასშტაბით საინტერესო ტიპაჟების მოძებნას შეეცდებიან.


ფილმში მონაწილეობისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მსახიობებთან. მთავრი პროდიუსერის ედმონდ მინაშვილის თქმით, საუბარია ჯონ მალკოვიჩზე. ასევე, ცნობილია, რომ ფილმში მთავარ როლს მერაბ ნინიძე შეასრულებს.


შემოქმედებითი ჯგუფის განცხადებით, ფილმი მაღალბიუჯეტიანი იქნება. ედმონდ მინაშვილს ამ თემაზე ორი დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული.


სცენარს საფუძვლად უდევს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რეალურად მომხდარი ამბავი. ფილმის მთავარი გმირი არის 45 წლის ქართველი გლეხი, მეტსახელად ახმეტა. ის მძიმე სენით დაავადებულ ცოლთან - ხატიასთან ერთად, საომარი მოქმედებების მახლობლად, ერთ­ერთ ქართულ სოფელში - შინდისში ცხოვრობს. აგვისტოს ომში სოფელ შინდისში დატრიალებული მოვლენები, რიგითი ქართველი გლეხის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. სწორედ ამ სოფლის რკინიგზის სადგურში, მძიმე ტექნიკით შეიარაღებული რუსული სამხედრო ნაწილი ქართველებისთვის მიცემულ მშვიდობიანი დერეფნის პირობას არღვევს და ჩასაფრებაში შეტყუებულ ქართველ მეომრებს გამანადგურებელ ცეცხლს უხსნის.

ქართველი ჯარისკაცების ერთი ნაწილი, ოცდახუთი მეომარი, ცეცხლს საკუთარ თავზე იღებს და სხვათა სამშვიდობოზე გასვლას უზრუნველყოფს. უთანასწორო შეტაკებაში, რუსული ჯარის მაღალჩინოსანი ივანოვი საწადელ მიზანს ვერ აღწევს - ქართველთა მსხვერპლი გაცილებით მცირეა, ვიდრე მას სურდა, რომ ყოფილიყო. ივანოვის შურისძიება ისტერიკაში გადაიზრდება, ის ბრძოლის ველზე დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებს დაეძებს და ქართველთა გვამების დამარხვაზეც კი უარს ამბობს. ივანოვის სისასტიკის მიუხედავად, დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები რუსული არმიის ცხვირწინ ბრძოლის ველიდან უჩინარდებიან - გლეხი ახმეტა, რამოდენიმე თანასოფლელთან ერთად გასაოცარ მოქალაქეობრივ გმირობას იჩენს და ხუთი დღე­ღამის განმავლობაში რუსული ჯარის მიერ ოკუპირებულ სოფელში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების არა მხოლოდ გადამალვას, არამედ მათთვის პირველადი დახმარების აღმოჩენასაც კი ახერხებს.


„ძლევამოსილი რუსული არმიის" მაღალჩინოსანისა და უბრალო ქართველი გლეხის დაპირისპირება ახმეტას სასარგებლოდ მთავრდება. უიარაღო გლეხი ტანკებით შეიარაღებულ „სალდატს" ქართველი ჯარისკაცების განადგურების საშუალებას არ აძლევს.


მუსიკა: გია ყანჩელი, მხატვარი: თეო ბარამიძე

პარტნიორი კოპანია F.&M.E. მაიკლ დაუნის ხემძღვანელობით (ევროპის კინოაკადემიის ვიცე-პრეზიდენტი)




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner