ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ კეთილი სურვილი უფროა, საქართველომ სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს, ვიდრე ამის წინაპირობა დღესდღეობით არსებობს.
„ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს რესურსი, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანას, რომ მოვუწოდოთ, ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ მშვიდობის მხარდასაჭერად და თუ წინაპირობები შეიქმნა, ეს უფრო კეთილი სურვილია, რომ საქართველოს ტერიტორია ყოველთვის მზად იქნება, ნებისმიერი მოლაპარაკებები მიიღოს", - განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია საქართველოსთვის და მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის უკიდურესად საფრთხის შემცველია.
„ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია საქართველოსთვის და მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის უკიდურესად საფრთხის შემცველია და ქვეყნებს, ვისაც ხელეწიფებათ, არამარტო მინსკის ჯგუფს, მართებთ უფრო აქტიური მონაწილეობა.
სასურველია, რომ ესკალაცია შეჩერდეს, საკმაოდ რთული ვითარებაა დღესდღეობით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დაძაბულობა მოლაპარაკებების ფორმატში გადაინაცვლებს", - განაცხადა ვოლსკიმ.