გურიის რეგიონში შპს „იუვის ბერის"-მა „დანერგე მომავალის" პროექტის ფარგლებში ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „დანერგე მომავალის" პროექტის მენეჯერმა ლევან დოლიძემ და გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარის, შპს „იუვის ბერის" მიერ 7.2 ჰექტარზე გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღები დაათვალიერეს.
ხსენებული კომპანია პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის შპს „იუვის ბერის"-მა 78 072.34 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. ბენეფიციარის მიერ მიღებული დაფინანსებიდან 60 072.34 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 18 000 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.
გურიის რეგიონში „დანერგე მომავალის" პროექტის ფარგლებში ხეხილის ბაღები გაშენდა 97 ჰა მიწის ფართობზე. საქართველოს მასშტაბით ხეხილის ახალი ბაღები 3 343 ჰა-ზე გაშენდა, რომლის დაფინანსების მოცულობა 16 368 274 მილიონ ლარს აღემატება.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის" ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს", რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.