უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება, უკრაინის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ და პოსტსაბჭოთა წარსულთან გაწყვეტისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია.
„ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება გაცილებით მეტია, ვიდრე საზღვარზე შესვლის გამარტივებული წესი. ეს ევროპისკენ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ჩვენ ვწყვეტთ კავშირს პოსტსაბჭოთა წარსულთან და უფრო და უფრო ვხდებით ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
დღეს, ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის რეჟიმის მინიჭების თაობაზე საკანონმდებლო წინადადება დაამტკიცა.
პროცედურის დასაჩქარებლად გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის მინისტრების საბჭოზე იქნა მიღებული, რომელიც დღეს გაიმართა.
შესაბამისი გადაწყვეტილების ხელმოწერის ცერემონია 17 მაისს შედგება. აღნიშნულ ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაესწრება.