8 აპრილს შესაძლოა თბილისის მეტროპოლიტენმა აღარ იმუშაოს, რადგან მეტროპოლიტენის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან. ამის შესახებ განცხადება დღეს პროფესიული კავშირი „ერთობა 2013"-ის წევრებმა გააკეთეს.
თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები და სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე პირები დღეს მეტროსადგურ „დიდუბის" შესასვლელთან შეიკრიბნენ და აქცია-ბრიფინგი გამართეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პროფკავშირ „ერთობა 2013"-ის წევრმა, მემანქანე ემზარ ბარბაქაძემ განაცხადა, 1 მარტს ჯანდაცვის სამინისტროში, მერიაში და თბილისის სატრანპორტო კომპანიის ადმინისტრაციაში მათ შეიტანეს განცხადებები სამი მთავარი მოთხოვნით, რომელთაგანც მხოლოდ ერთ საკითხზე მიმდინარეობს დღესაც გარკვეული შეთანხმება.
ემზარ ბარბაქაძის განცხადებით, მეტროპოლიტენის მემანქანეები და მეტროში სხავადასხვა პოზიციაზე დასაქმებული ადამიანები ითხოვენ წელთა ნამსახურობის მიხედვით ანაზღაურებას, ხელფასის მომატებას და ღამის საათების განსხვავებული ტარიფით ანაზღაურებას. ბარბაქაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაცია თანახმაა, აპრილის თვეში ჩარიცხოს თანხები წელთა ნამსახურების მიხედვით თანამშრომლებისთვის. რაც შეეხება ხელფასის მომატებას და ღამის საათების განსხვავებული ტარიფით ანაზღაურებას, ამ ორ თემაზე საუბარი საერთოდ არ მიმდინარეობს.
„დიდუბის" მეტროსთან შეკრებილი თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები აცხადებენ, ადმინისტრაციას აძლევენ სამდღიან ვადას. დღესვე ისინი აპირებენ, გაფიცვის დაწყების შესახებ განაცხადებები შეიტანონ ჯანდაცვის სამინისტროში და კომპანიის ადმინისტრაციაში, რის შემდეგაც კანონის შესაბამისად, სამი დღის ვადის გასვლის შემდეგ ისინი 7 აპრილს, დეპო „გლდანში" შეიკრიბებიან და გაფიცვას დაიწყებენ. ბარბაქაძის განცხადებით, თუ მათი პირობები არ შესრულდება, 8 აპრილს დილით შესაძლოა მეტროპოლიტენმა აღარ იმუშაოს.