NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO სირიასა და ერაყში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში უშუალო მონაწილეობას არ მიიღებს.
„NATO-ს როლი საერთაშორისო კოალიციაში შესვლით არ შეიცვლება. ალიანსი არ მიიღებს მონაწილეობას სირიასა და ერაყში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
NATO განაგრძობს მხარდაჭერას და დანაყოფების მომზადებას. აღნიშნული ეხება NATO-ს როლს როგორც სირიაში, ასევე ერაყში", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ანგელა მერკელმა იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება NATO-ს სამიტზე იქნება მიღებული, რომელიც 25 მაისს ბრიუსელში გაიმართება.
ამჟამად NATO სირიასა და ერაყში მოქმედ საერთაშორისო კოალიციას სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფს და ერაყის უსაფრთხოების ძალებს ამზადებს.