logo_geo
eng_logo
ადამიანი, ვინც გვითარგმნა ბიბლია და არა მარტო…
- +

19 თებერვალი. 2016. 14:16

ბაჩანა ბრეგვაძეს სამი წლის წინ შევხვდი, სახლში ვესტუმრე, ხელშეკრულება უნდა გაგვეფორმებინა წიგნების საავტორო უფლებებზე, მისი თარგმანების და წიგნები სია გამომიტანა, 4 თაბახი.


რომ გადავხედე, ენების დიაპაზონმა გამაოცა და მორიდებით ვკითხე, ყველა ორიგინალიდან თარგმნეთ-მეთქი? ღიმილით შემომხედა, ახლა მრცხვენია ამ კითხვის და იმისიც, რომ მანამდე იმის გარდა, რომ "ახალი აღთქმა" და "დონ კიხოტი" თარგმნა, ბევრი არაფერი ვიცოდი მის შესახებ.


ვიკიპედიაზე ვკითხულობ, რომ ბაჩანა ბრეგვაძე თარგმნიდა ძველი ბერძნული, ლათინური, იტალიური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, პორტუგალიური და რუსული ენებიდან.


მისი დამსახურებაა, რომ ქართულ ენაზე გვაქვს პლატონის, დანტეს, არისტოტელეს, ევრიპიდეს, ჰერაკლიტე ეფესელის, მარკუს ტულიუს ციცერონის, ნეტარი ავგუსტინეს, ჯეიმზ დარმსტეტერის, ანატოლ ფრანსის, ლაროშფუკოს, ლუიჯი პირანდელოს, მიშელ მონტენის, ანრი ბერგსონის, ნიკოლოზ ლოსკის, ლაბრიუიერის, ალბერტ შტეკლის, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის, ნიკოლოზ ბერდიაევის, პიერ ტეიარ დე შარდენის, ვერნერ ჰაიზენბერგის თხზულებათა თარგმანები, იტალიური და ესპანური ზღაპრების თარგმანები, წერილები და ესეები.


გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ფილოსოფიური, ფილოლოგიური შრომებისა და მსოფლიოს ფილოსოფიური, რელიგიური, ესთეტიკური სოციოლოგიური, ისტორიული თუ ლიტერატურული კლასიკის შედევრთა თარგმანების ათეულობით წიგნი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა, დედნების ენიდან არის შესრულებული.


გაუხარდა საავტორო უფლებებზე რომ მივაკითხე, სწუხდა, ერთმა ცნობილმა გამომცემლობამ თურმე ჩემი თარგმანი გამოსცა ახლახანს, შემთხვევით გავიგე, ვინ დაგიდევს საავტორო უფლებებს, რამდენიმე ეგზემპლარი მაინც გამოეგზავნათო.


მოგვიანებით, როცა ჩემი შვილისთვის "დონ კიხოტის" ორტომეული გადმომცა საჩუქრად, მივხვდი რაში სჭირდებოდა და იყენებდა საავტორო ეგზემპლარებს.


 


მასთან სტუმრობის შემდეგ მუდმივად მქონდა დანაშაულის გრძნობა საზოგადოების მიერ ამ ადამიანის არ დაფასების და კოლექტიური მივიწყების გამო.


დღეს გავიგე რომ გარდაიცვალა, ძალიან მომინდა მასზე რამე დამეწერა, თუნდაც ეს მცირე მოგონება და ახლა მაინც მეთქვა მისთვის მადლობა, მთელი ქართველი ერის სახელით თუ არა, ჩემი და ჩემი შვილების სახელით.


წყარო: indigo.com.ge, ელენე ასათიანი

right_banner right_banner
არქივი
right_banner