logo_geo
eng_logo
დარეჯან მეფარიშვილი: ჩემი ოჯახის სახელით, მადლობას ვუხდი კახა კალაძეს!
- +

12 მაისი. 2017. 13:49



ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში ვიცე-პრემიერ კახა კალაძის შესახებ წერს:


„რამდენი დღეც არ არის დედაჩემი ამქვეყნად, იმდენი დღეა ვფიქრობ, ვთქვა თუ არა ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ.

 

დღეს დედაჩემის დაბადების დღეა და დღეს უნდა ვთქვა, ასე გადავწყვიტე ახლა!

 

5 ოქტომბერი იყო, დაახლოებით 6 საათი, გიორგიმ დამირეკა: დედა, ბებოს გული შეუწუხდა, - კიოდა ბავშვი. დეიდაშენი დამალაპარაკე-მეთქი, მაგრამ ტელეფონი გათიშა. ოთარ ჩრდილელს დავურეკე, მიშველე, ოთარ, რაღაც ხდება, დედაჩემი არაა კარგად, ბავშვმა დამირეკა, ბებოს გული შეუწუხდაო. ისედაც ყოველი წამი საუკუნედ მეჩვენებოდა და ოთარმა რომ არ დამირეკა, კედლებს ვურტყამდი თავს.

 

ლალი აფციაურმა დამირეკა - ჩაიცვი, წამოდი, სამტრედიაში მივდივართ, ნარიკო აღარ არისო. სისხლის გაყინვა რა არის, იმ დღეს მივხვდი. იმქვეყნად მიდის დედაჩემი და ლოცვას დავაწევ-მეთქი და აქ, ფეისბუქში დავწერე...

 

მხოლოდ ამის შემდეგ მომწერა ოთარმა სმს - ვერ გითხარი, დაჯი, ვერ შევძელიო...

 

იმ დღეს, 5 ოქტომბერს, დედაჩემის გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში ათასობით ადამიანმა დააწია თავისი ლოცვა დედაჩემს, ყველას მადლობა, გფარავდეთ უფალი.

 

ლალიკო მოვიდა, ჩამოდიო, დამირეკა. სამტრედიამდე არც ლალის და არც სოფიკოს (ხორგუანი) ხმა არ ამოუღიათ. ჩუმად ვტიროდი, არავინ მიშლიდა ხელს...

 

შვიდ ოქტომბერს, ერთი ადამიანი (არასამტრედიელი) მოვიდა ჩვენთან სახლში, მამაჩემი ნახა და უთხრა - კახა კალაძემ გამოგიგზავნათ დაკრძალვის ხარჯიო. მამაჩემმა მე და ჩემს დებს დაგვიძახა, იმ კაცმა ხაზგასმით გვითხრა მამას და შვილებს: ეს იმიტომ არ გამომატანა, დარეჯანი ჟურნალისტი რომ არის. ეს თანხა ნარიკო დეიდას გამოუგზავნაო.

 

დედაჩემი და კახას დედ-მამა მეგობრები იყვნენ.

 

იმ თანხით, რომელიც კახა კალაძემ (არ ვიცნობ, ერთადერთხელ შევხვდი, ისიც ონკოლოგიურში, კალაძე ქეცბაიასთან ერთად, ბავშვებთან იყო იქ მოსული, მე ჩემს მეზობელს წავყევი და ასე დაემთხვა ჩემი იქ ყოფნა. იმხანად „ალიაში" ვმუშაობდი და სტატიაც დავწერე ამ ამბავზე, ეგ იყო და ეგ) გამოგვიგზავნა, დედაჩემი დავკრძალეთ, საფლავი გავუკეთეთ, ორმოციც გადავუხადეთ და ორჯერ საკურთხიც გავაკეთეთ.

 

ახლა ვუხდი მადლობას ჩემი ოჯახის სახელით კახა კალაძეს! დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა, უფალი ფარავდეს მის ოჯახს.

 

მადლობა მას, არა მხოლოდ დედაჩემისთვის, მამაჩემისთვისაც, რომელიც მთელი ორი დღის განმავლობაში, ხუთიდან შვიდ ოქტომბრამდე, ძალიან განიცდიდა, მიაგებდა თუ არა სათანადო პატივს თავის მეორე ნახევარს, ჩემს ცისფერთვალება დედიკოს.

 

დღემდე ნერვიულობს მამაჩემი, კაცს მადლობა ვერ ვუთხარიო...

 

მადლობა, კახა!

 

12 მაისი (ვარდობისთვე), 2017 წელი", - წერს მეფარიშვილი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner