logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: დღეს ზურაბ გორგილაძის დაბადების დღეა!
- +

6 მაისი. 2017. 14:12




დღეს ზურაბ გორგილაძის დაბადების დღეა!


უდროოდ წავიდა.


შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ საქართველო ნაკლებად იცნობს ამ პოეტის უმშვენიერეს, ძარღვიან, ამაღელვებელ პოეზიას.


აჭარაში მისი ლექსები, ალბათ, ბევრმა იცის ზეპირად (აუ, ჯეჯელავამ არ გაიგოს, თორემ...). დაძალებული საზეპიროების გარეშე...


ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ (!) ქუჩას (ადრე - გორკისას) მის პატივსაცემად უწოდეს კიდეც „გორგილაძე"... და სწორადაც მოიქცნენ!


ერთი სიტყვით, გორგილაძეობაა დღეს და ძალიან მინდა, რომ ამ მართლა დიდი პოეტისადმი სითბოს, პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვა მარტო ბათუმის, აჭარის „საზღვრებში" არ ჩაეტიოს...


ესეც მისი „აღსარებასავით":


ქნარებში - კეთილი ტიროდა აშიკი,

ვნებებში - მტარვალი ბრუნავდა გენია,

მაღლიდან გროშივით გადმოყრილ ტაშისთვის,

მე ერთი სტრიქონიც არ წამომცდენია.

დანთქმული დღეების მოწყენას ვბარდები,

დღეებიც დღეების დიდებას დევნიან,

ქანდარა დამეგმო, გამერთო პარტერი -

მე ერთი ბრწაკედიც არ წამომცდენია.

შმაგი ერთგულებით მზვერავდა დიადი,

ვინ იცის, თვალთაგან რა თოვლი მდენია,

რომ გამომეწვია წკვარამი დიაცის,

კიმპალიც რა არი, - არ წამომცდენია.

ზოგზოგებს მსუბუქი სიმღერა ვეგონე,

მსუბუქად შეშლილი ნებიერ თითებთან,

ნაკლებად ესმოდათ ჩემს ბოროტ მეგობრებს,

ხარხარში ჩაკლული ტკივილის დიდება.

მირონი, მუდარით გამთბარი მირონი,

კეთილი გენიით მნათლავდა ყოველდღე

და გაღმერთებული სიცილით ვტიროდი,

სასახლის სვეტებზე გამობმულ პოეტებს.

და ასე მივდივარ... უხვიც და ვერანიც,

ზოგისთვის ვაჟკაცი, ზოგისთვის მკვეხარა,

მე ვიყავ მოზარე, ვიდრე მომღერალი,

აკაკის ცრემლებით დამბალო ქვეყანავ.


+++++++++++++


და ბოლოს, ეს მშვენიერი სიმღერაც მოვისმინოთ, რომელიც ზურაბ გორგილაძის ლექსზე შექმნა და იმღერა განუმეორებელმა ჯანსუღ კახიძემ. გაგრძელებაზე კი რამდენიმე ჩანაწერიც... გაგიხარდებათ!


 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner