სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე მაკა გველესიანმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საქმეში ბრალდებულ ექვს პირს: მალხაზ ღვინიაშვილს, ნუგზარ მარღიას, ზაზა ხარაიშვილს, ვახტანგ გუგუციძეს, დავით ჩიხლაძეს და დავით ნოზაძეს პატიმრობა შეუფარდა.
საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული - ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაციაც ფიგურირებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მას სხვა საქმეზე უკვე მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, პროკურატურას მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობა არ დაუყენებია.
გამოძიება ბრალდებულებს პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ედავება. სასჯელი 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.