თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ.
ბრალდებულების ერთ-ერთი ადვოკატის გიორგი ბერიძის განცხადებით, დაცვის მხარეს კითხვები აქვს უშუალოდ საგამოძიებო პროცედურებთან დაკავშირებით.
საქმის პროკურორის ინა გუგუშვილის განცხადებით, მტკიცებულების სახით არსებობს მიმოწერა, სადაც ჩანს, რომ ბრალდებულები 77 წლის მამაკაცის მკვლელობას გეგმავდნენ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე იმყოფებოდნენ ბრალდებულების ახლობლები, თუმცა ისინი კომენტარის გაკეთებისგან თავი იკავებენ.
გამოძიების ინფორმაციით, 77 წლის მოხუცს შვილიშვილმა და მისმა მეგობარმა სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს, კვალის დაფარვის მიზნით კი, ბინაში ხანძარი გააჩინეს. ბრალდება მკვლელობის მოტივად ანგარებას ასახელებს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.