ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI", რომლის პრეზიდენტია ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი ვალერი ასათიანი და ვანო სარაჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ფონდი (პრეზიდენტი თეიმურაზ გუგუშვილი) 15 მაისს გიწვევთ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის ახალგაზრდა ვოკალისტთა კონკურსის პრეზენტაციასა და კონცერტზე სახელწოდებით „ახალი ქართული საოპერო ხმები". კონცერტში მონაწილეობენ გამოჩენილი ქართველი მომღერლის, საქართველოს სახალხო არტისტის, პროფესორ თეიმურაზ გუგუშვილის სტუდენტები და მოსწავლეები: ეკატერინე ანტიპოვა-ჩხაიძე, ნათია ბეჟაშვილი, ბაია საგანელიძე, ანა სალარიძე, მარიშა შახდინაროვა, ნუცა ციმაკურიძე, ანა ხარაიძე, ანანო ხერხეულიძე, აკაკი გუგუშვილი, ლექსო კაპანაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ვალერიან მჭედლიძე, ნიკოლოზ ნატროშვილი, გიორგი ჭელიძე, კონცერტმაისტერები - ლელა უსეინაშვილი და მარინე ადამაშვილი. კონცერტის პროგრამა მრავალფეროვანი და მრავლისმომცველია - აჟღერდება ქართველი, რუსი და დასავლეთევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
როგორც აღინიშნა, ამ კონცერტის ორგანიზატორია ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI", რომელიც 2013 წელს შეიქმნა და არსებობის მანძილზე მისი ძალისხმევით მრავალი მნიშვნელოვანი პროექტიც განხორციელდა - გამოიცა წიგნები, მუსიკალური ალბომები, დაიდგა ძეგლები, გაიმართა მხატვართა გამოფენები, სიმპოზიუმები, კონცერტები, იუბილეები და ა.შ.
ასოციაციის მიზანია ისეთი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას თანამედროვე მსოფლიოში, საერთაშორისო კონტაქტების განმტკიცებას, ნიჭიერი ახალგაზრდობის წარმოჩენას და მხარდაჭერას, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობის და თანამედროვე მიღწევების საყოველთაო გავრცელებას, სხვა ხალხთა კულტურებთან დაახლოებას და მათი მიღწევების ჩვენებას საქართველოში, შემოქმედებითი ინოვაციების მხარდაჭერას და სხვ.
ასოციაცია აერთიანებს კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროების სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს.
ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან, კერძო სექტორთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, უცხოელ კოლეგებთან, პარტნიორებთან.
ცხადია, ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI"-ს მნიშვნელოვანი, მრავალფეროვანი, მრავლისმომცველი სამომავლო გეგმები აქვს, მათ შორის, კულტურულ - სამეცნიერო - საგანმანათლებლო ფორუმების, ფესტივალების, კონკურსების, გამოფენების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა, წიგნების, ალბომების გამოცემა, შეხვედრების ორგანიზება მეცნიერებისა და ხელოვნების მოღვაწეებთან, კულტურულ-საგანმანათლებლო ტურისტული პროგრამების, უცხოეთში ქართული კულტურის დღეების (სეზონების) ორგანიზება და სხვა.
„თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში უმნიშვნელოვანესია ეროვნული თვითმყოფადობის, იდენტობის შენარჩუნება. წინსვლა წარმოუდგენელია სხვა ხალხთა კულტურებთან ურთიერთობის, თანამედროვე მიღწევების შეთვისების გარეშე. შემოქმედებითი კონტაქტები მაჩვენებელია იმ კულტურული სამყაროსი, რომელთან კავშირსა და ურთიერთობაში იმყოფებოდა და იმყოფება ესა თუ ის ხალხი, ერთმანეთს უზიარებდნენ კულტურულ ღირებულებებს. ასეთი ურთიერთობა ხალხთა შორის ყოფილა და მუდამ იქნება. ცივილიზაციის ისტორიამ არ იცის მაგალითი აბსოლუტურად იზოლირებული კულტურული განვითარებისა. ამა თუ იმ ხალხის კულტურა მდიდრდებოდა და გამდიდრდება სხვა ხალხთა კულტურული მიღწევებით", - ამბობს ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI"-ის პრეზიდენტი ვალერი ასათიანი.