logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: NATO უფრო უფრთხილდება საქართველოს, ვიდრე ჩვენი ზოგიერთი ვაი-პოლიტიკოსი
- +

19 თებერვალი. 2016. 14:28


„არ ველი, რომ პუტინის რეჟიმი წავა რეალურ მწვავე დაპირისპირებაზე თურქეთთან, ვინაიდან ეს არც პოლიტიკურად, არც მატერიალურად არ აწყობთ", - ამის შესახებ რუსეთ-თურქეთს შორის მოსალოდნელ დაპირისპირებაზე საუბრისას ანალიტიკოსმა პეტრე მამრაძემ განაცხადა. მისი თქმით, თურქეთთან დაპირისპირების რესურსი დღეს რუსეთს არ გააჩნია.

 

„თუ თურქეთში აღმავლობაა ეკონომიკური, დემოგრაფიული და სხვა მიმართულებით, რუსეთში პირიქით, რეცესიაა. პუტინი მაქსიმალურად იყენებს ამ თემას, რომ თავის მოსახლეობას აჩვენოს, როგორ იცავს რუსეთის ინტერესებს. ნახეთ, რამე რეალური მოიმოქმედა რუსეთმა თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ? განცხადებების და კუნთების თამაშის გარდა, პრაქტიკულად, არაფერი.

 

საქართველოს ბედი სულ სხვაა. ის რჩება ყველაზე დაუცველ პოლიგონად. ბოლო დროს გამოიკვეთა, რომ დასავლეთის ლიდერები, NATO-ს ხელმძღვანელები უფრო უფრთხილდებიან საქართველოს, ვიდრე საქართველოს ზოგიერთი ვაი-პოლიტიკოსი. კერძოდ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ განცხადებაც კი იმის თაობაზე, რომ MAP-ს მივცემთ საქართველოს, საკმარისია იმისთვის, რომ პუტინის რეჟიმმა აამოქმედოს ის, რაც ლავროვმა თქვა: ჩვენ გამზადებული გვაქვს კონკრეტული ღონისძიებების პაკეტი, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ჩათრევა მოხდება NATO-შიო. ამიტომაც არ აკეთებენ  ამ განცხადებას დასავლეთის ლიდერები, რადგან უფრთხილდებიან საქართველოს.

 

სამოქმედო გეგმის გადმოცემის შემდეგ, რუსეთმა შეიძლება ჯარები განათავსოს ახალქალაქის ყოფილი ბაზის ტერიტორიაზე, სადაც 200 წელი იდგნენ, ასევე სენაკის ტერიტორიაზე. შემდეგ კი განაცხადოს, რომ მოძმე ქართველ ხალხთან არაფერი აქვს გასაყოფი, მაგრამ ვინაიდან საქართველოს NATO-ში ჩათრევა ხდება, უნდა დაიცვას სამხრეთ ზღურბლი რუსეთისთვის, რადგან თურქეთი NATO-ს წევრი ქვეყანაა. ამას გააკეთებენ კიდეც! დასავლეთი კი ამას ნამდვილად აღარ უპასუხებს სამხედრო დაპირისპირებით. ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად. მე ყოველთვის მომხრე ვიყავი დასავლური ორიენტაციისა, მაგრამ ყოველთვის ხაზს ვუსვამ ტაქტიკას, დიპლომატიასა და პრაგმატულ პოლიტიკას, სხვაგვარად მივიღებთ უკუშედეგს, რომლის ერთ-ერთი მაგალითი ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში", - განაცხადა მამრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner