logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: 10 წელიწადში საქართველო თანამედროვე ევროპული სახელმწიფო იქნება
- +

4 აპრილი. 2016. 13:18


„დარწმუნებული ვარ, რომ ათ წელიწადში საქართველო იქნება თანამედროვე, დინამიკური ევროპული სახელმწიფო, ძლიერი და მყარი დემოკრატიული ინსტიტუტებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოცემა caspianenergy.net-თან ინტერვიუში განაცხადა. კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაა.

 

„ჩემი ვალდებულებაა ქვეყნის წინსვლის უზრუნველყოფა. მთავრობის მიზანია ყველა საქართველოს მოქალაქისთვის უკეთეს ცხოვრებაზე ოცნების ხორცშესხმა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში, რის შედეგადაც ამაღლდა ხალხის კეთილდღეობა, წინ კიდევ ბევრი სამუშაო გველის. ჩვენი მიზანია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ევროინტეგრაციის გაღრმავება, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მიიღოს კონკრეტული სარგებელი, მაგალითად, ევროპაში უვიზო მიმოსვლა. დარწმუნებული ვარ, რომ 10 წელიწადში საქართველო იქნება თანამედროვე, დინამიკური ევროპული სახელმწიფო, ძლიერი და მყარი დემოკრატიული ინსტიტუტებით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


პრემიერის თქმით, მზარდი ეკონომიკა და დაჩქარებული ინტეგრაცია დასავლეთის ინსტიტუტებში მისცემს ქართველ ხალხს ბევრ ახალ შესაძლებლობას როგორც პიროვნულ, ისე ინსტიტუციონალურ დონეზე.

 

„ჩემი აზრით, საქართველო იქნება აყვავებული ქვეყანა, რომელიც წარმატებით გამოიყენებს თავის მდებარეობას როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი რგოლი. ათი წლის შემდეგ საქართველო გახდება რეგიონის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი და გლობალური ბიზნესის წამყვანი მოთამაშე. საერთოდ, ჩემი მოლოდინით, საქართველო მომავალშიც შეასრულებს იმ ქვეყნის როლს, რომელიც ხელს უწყობს მეზობლებს შორის მშვიდობისა და კონტინენტებს შორის ვაჭრობის განმტკიცებას. ასოცირების ხელშეკრულება ძალიან მალე უნდა ამოქმედდეს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს თარგმანს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner