logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ბლოკის ინსტიტუტის გაუქმება გამოიწვევს პოლიტიკური სპექტრის გამსხვილებას
- +

14 მაისი. 2017. 21:40



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მოამბესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მაჟორიტარული და ბლოკების სისტემის გაუქმების შესახებაც ისაუბრა.


„ჩვენ გვქონდა პირველადი კონსულტაციები მათთან, გამოითქვა კრიტიკული მოსაზრებები, შენიშვნები. ჩვენ გავაგრძელებთ ამ კონსულტაციებს და ვფიქრობთ, არსებობს კონსენსუსის მიღწევის რესურსი უმრავლესობის შიგნით. ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. საბოლოო კონსულტაციები გაიმართება ივნისში, ამის შემდეგ შეგვეძლება კონკრეტული პასუხის გაცემა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


რაც შეეხება ბლოკების გაუქმების საკითხს, რომელზე საუბრისას ოპონენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის დროს რამდენიმე პარტიის რესურსი იყო გამოყენებული, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ თემაზე საუბრისას, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს 2012 წელს არსებული ვითარება.


„პირველ რიგში უნდა შევაფასოთ 2012 წლისთვის არსებული მდგომარეობა. 2012 წლისთვის იყო ჩამოყალიბებული ავტოკრატიული რეჟიმი, მაშინ მხოლოდ რევოლუციური არჩევნების გზით იყო შესაძლებელი ხელისუფლების შეცვლა. დღეს ასე აღარ არის. უნდა ითქვას ისიც, რომ „ქართული ოცნების" ბლოკის პრაქტიკამაც აჩვენა ის ხარვეზები, რომელიც მაშინ არსებობდა. ბლოკის შექმნის აუცილებლობა მაშინ ზუსტად იმიტომ დადგა დღის წესრიგში, რომ ამ ბლოკის ინსტიტუტის გამო შექმნილი არასწორი რეალობა იყო ჩამოყალიბებული. კერძოდ, იყვნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ჰქონდათ იმაზე არაპროპორციულად დიდი როლი მინიჭებული პოლიტიკურ სისტემაში, ვიდრე მათ ეკუთვნოდათ საზოგადოების მხარდაჭერიდან გამომდინარე. დღესაც არის აბსოლუტურად აღრეული რეალობა - არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც აქვთ ნულოვანი მხარდაჭერა, მაგრამ სარგებლობენ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის სტატუსით, ხშირად მათ იმაზე მეტი პრივილეგიებიც კი აქვთ მინიჭებული, ვიდრე რეალურ პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი მოვაქციოთ გონივრულ ჩარჩოებში, პარტიული სისტემა ვერასდროს ჩამოყალიბდება საქართველოში, თუ არ გაუქმდა ბლოკის ინსტიტუტი", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


კითხვაზე, ხომ არ შეიძლება თეორიულად მივიღოთ ისეთი პარტიული ცხოვრება, როგორიც აქვთ აშშ-ში, ანუ ორპარტიული სისტემა, სადაც უკვე შიგნით ხდება ფრაქციების დანაწევრება; გარდა ამისა, როდესაც არ იარსებებს პარტიების ბლოკებად გაერთიანების შესაძლებლობა, ისინი შესაძლოა, გაერთიანდნენ ისეთ პოლიტიკურ პარტიაში, რომელსაც უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს წარმატების მიღწევის; ამ კითხვაზე პასუხისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა - „ზუსტად ამის პროგნოზირება არის რთული, მით უმეტეს, რომ ჩვენს პოლიტიკურ სექტორში ძალიან დინამიურად ვითარდება ზოგადად პროცესები, თუმცა, მე გამოვრიცხავდი რეალურად იმას, რომ ორი პარტიის გარშემო მოხდეს სრული კონსოლიდაცია ძირითადი პარტიული სპექტრის. ვფიქრობ, ბლოკის ინსტიტუტის გაუქმება სწორედ რომ გამოიწვევს სპექტრის გამსხვილებას, მაგრამ არა მის ორპარტიულ სისტემამდე დაყვანას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner