„ქართული ოცნების" დეპუტატმა ალექსანდრე ქანთარიამ განაცხადა, რომ კოალიციამ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი საქართველოს ისტორიაში.
„კოალიციამ მოახერხა, შეექმნა ისეთი პლაცდარმი, რის შემდეგაც დაიწყო დემოკრატიული განვითარება და მოახერხა ერთგვარად „ძლევაი საკვირველი". თქვენ კარგად იცით, რომ რეჟიმისგან გათავისუფლება არ იყო ადვილი, ეს მოხერხდა ბიძინა ივანიშვილის დახმარებით. მომავალში, ჩემი აზრით, რამდენიმე პოლიტიკური ფლანგი გაიშლება და ადვილი იქნება არჩევანის გაკეთება. ერთი ეს იქნება ევროპული ოჯახისკენ სვლა და ეს იქნება ერთი პოლიტიკური ჯგუფი, ყოველგვარი ეროვნული ფესვების გარეშე, ქართული ცნობიერების გარეშე, თვითმყოფადობის გარეშე, შეიძლება ითქვას, ერთგვარი უსამშობლოთა პარტიული ჯგუფები, რომელთაც სამშობლოდ მიაჩნიათ ადამიანთა კრებული. მეორე ჯგუფი, ეს არის, რომელიც ევროპაში საზღვარს გადალახავს, თავისი თავგადასავლით, ჭირ-ვარამით თუ ავლადიდებით და ეს ტვირთი გაცილებით უფრო ნელი და სამაგიეროდ იქნება მტკიცე თავის ფესვზე დაყრდნობილი. იქნება მესამე ფლანგი უკან სრული სვლით - „სოვეცკი სოიუზისკენ".
ეს სამი ფლანგი იქნება, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე იაქტიურებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება" თავისი ცნობიერებით, ქვეყნის ფესვებით შევა ევროპულ ოჯახში და ამას აუცილებლად მოახერხებს. ვფიქრობ, რომ ეს მკაფიოდ გამოჩნდება არჩევნების მოახლოების დროს", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.