გაჩეჩილაძეების ადვოკატი ირაკლი კორძახია „მაესტროს" გენერალური დირექტორის ბაია გადაბაძის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„2011 წლის 22 დეკემბერს პარტნიორთა კრებამ მისცა უფლება დირექტორს, რომ აეღო სესხი 30 000 000 $ ოდენობით, 13% განაკვეთით, სესხის სრული გადახდის ვადა უნდა ყოფილიყო სესხის აღებიდან მე-8 წელი, ამასთან ძირი და პროცენტი უნდა დაფარულიყო ეტაპობრივად, სესხის აღებიდან 2 წლის მერე (ოქმში არ არის განსაზღვრული დაფარვის გრაფიკი). 2011 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა 4 სასესხო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს „მაესტროს" მაშინდელი დირექტორი ილია კიკაბიძე. ხელშეკრულებებში დაფარვის საბოლოო ვადაა 2019 წელი. ამათგან ორი, უფრო დიდი სასესხო ხაზი იყო 6 600 000 $ და 15 000 000 $ თანხაზე. „მაესტროს" შეეძლო ყოველ წელს არანაკლებ 1 000 000$ ტრანში მოეთხოვა.
2014 წლის ბოლოს გადაბაძემ, ისე, რომ არ მოუწვევია პარტნიორთა კრება, გააფორმა სესხის დაფარვის გრაფიკები (დოკუმენტები უთარიღოა), რომლის მიხედვით „მაესტროს" ყოველ წელს დაახლოებით 2 500 000 $ უნდა გადაეხადა სესხის ძირი, ხოლო პროცენტი 500 000 $. ეს მაშინ, როდესაც 2014 წლის 14 დეკემბერში პარტნიორთა კრებაზე მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი 2015 წლის ბიუჯეტის შესაბამისად, კრედიტორული დავალიანებების დაფარვაზე გამოყოფილი იყო მხოლოდ 660 000 ლარი. იგივე ციფრები იყო დაფიქსირებული ფულადი ნაკადების მოძრაობის უწყისში.
შესაბამისად, გადაბაძემ ერთი მხრივ დაარღვია „მაესტროს" წესდება და „კანონი მეწარმეთა შესახებ" (91.5.ე მუხლი). გრაფიკი სესხის დაფარვის დროში გაწერილ ვალდებულებას წარმოშობდა. ხოლო პარტნიორთა კრების კომპეტენცია იყო ვალდებულებების აღებაზე თანხმობის მიცემა. მეორე მხრივ, გადაბაძე კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, რადგან თავიდანვე მისთვის ცნობილი იყო, რომ „მაესტრო" ასეთ გრაფიკს ვერ შეასრულებდა მისი ფინანსური მდგომარეობიდან და მენეჯმენტის მიერ შემუშავებული 2015 წლის პროგნოზიდან გამომდინარე.
2015 წლის 8 ივნისს გადაბაძე მზად იყო, რომ „ვითიბი ბანკში" დაეგირავებინა „მაესტროს" მთელი ქონება, ასევე აეღო თავდებობა 5 000 000$ ოდენობით. შედეგად, „ვითიბი ბანკი" გასცემდა მაკა ასათიანის კომპანიაზე „მ-ინვესტმენტზე" 1 000 000$ სესხს. ამ კომპანიას უკვე აღებული ჰქონდა 1 000 000$, 10 000 000$ საკრედიტო ხაზის ფარგლებში.
1 ივლისს ჩატარდა „მაესტროს" პარტნიორთა კრება (გადაბაძე არც ამ კრებას დაესწრო პირადად), რომელზეც 75%-მა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება ამ ვალდებულების აღებაზე, თუმცა გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ 100% ხმა სჭირდებოდა ასეთ გადაწყვეტილების მიღებას. „ვითიბი ბანკმა", ეტყობა, გაიზიარა ეს პოზიცია და ბანკში „მაესტროს" ქონების დაგირავება ჩაიშალა.
2015 წლის 27 ივლისს მაკა ასათიანმა მოიწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე „მაესტროს" ვალდებულებათა სრულად დაფარვის ვალდებულება დგებოდა 2019 წელს. სურდა სესხის ვადაზე ადრე გამოთხოვა, ამას ასაბუთებდა გრაფიკების სისტემატური დარღვევის გამო და მძიმე ფინანსური მდგომარეობით და დაემუქრა „მაესტროს" გადახდისუუნარობის საქმის შემოტანით. ამასთან, თუ „ვითიბი ბანკთან" პოზიცია შეიცვლებოდა, მზად იყო ამ პოზიციის გადახედვისთვის. ასევე ითხოვდა აუდიტის დასკვნას კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
გადაბაძეს არ აუღია იურიდიული დასკვნა, რამდენად შეეძლო მაკა ასათიანს ვადაზე ადრე სესხის მოთხოვნა, ნაცვლად ამისა, შეასრულა კრედიტორის მოთხოვნა და დასკვნა დაუკვეთა ბაკაშვილს, რომელიც აუდიტს უტარებს გოგელიას და მაკა ასათიანის კომპანიებს, ასევე აწარმოებდა „მაესტროს" ბუღალტერიას. შესაბამისად, ის ვერ ჩაითვლებოდა დამოუკიდებელ აუდიტად. ბაკაშვილის ძირითადი მიგნებები დასკვნაში იყო, რომ „მაესტროს" ჰქონდა მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რადგან: მაღალკონკურენტულ გარემოში ფუნქციონირებდა; სატელევიზიო ბაზარი ნაკლებ რენტაბელურია; აპარატურას სწრაფი მორალური ცვეთა აქვს; ლარის დევალვაცია მოხდა; ბანკებმა უარი უთხრეს დამატებითი სესხების გაცემაზე.
ეთერ გადაბაძეს არ უცდია, შეწინააღმდეგებოდა მაკა ასათიანის აღნიშნულ მოთხოვნას მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს „მაესტროს" ჰქონდა უფლება, მოეთხოვა დამატებითი ტრანშის 1 000 000$ მიღება, რითაც დაიფარებოდა ვადამოსული, თუნდაც უკანონოდ გაფორმებული გადახდის გრაფიკის შესაბამისად დარიცხული თანხები.
„მაესტროს" გაკოტრების მოთხოვნა
გადაბაძეს მოწვევით 2015 წლის 1-4 სექტემბერს ჩატარდა კრება, რომელსაც თავად არ დაესწრო და ისევ ადვოკატები გამოგზავნა. კრებაზე პარტნიორებმა 75% ხმებით ჩათვალეს, რომ დაწყებულიყო გადახდისუუნარობის წარმოება.
კრების გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, გადაბაძემ სასამართლოს 18 სექტემბერს მიმართა არა გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით, არამედ პირდაპირ გაკოტრების მოთხოვნით (რაც გამორიცხავდა „მაესტროს" რეაბილიტაციას), რაზეც სააპელაციო ინსტანციამ მას განუმარტა, რომ საჭირო იქნებოდა პარტნიორთა 100% თანხმობა, რაც გადაბაძეს არ მიუღია. ამის შემდეგ, 1 ოქტომბერს გადაბაძემ უკვე გადახდისუუნარობის განცხადებით მიმართა სასამართლოს.
აშკარაა, რომ ამ პროცესში გადაბაძე არ მოქმედებდა კომპანიის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, არამედ ის ასრულებდა კრედიტორი მაკა ასათიანის (კოტე გოგელიას) დავალებებს.
სასაქონლო ნიშნის გადაცემა
„მაესტროზე" სასაქონლო ნიშანი „მაესტრო" დარეგისტრირდა 2011 წლის 29 დეკემბერს, მანამდე ეს ნიშანი არ ყოფილა რეგისტრირებული არც კიკაბიძეზე და ღლონტზე და არც სხვა პირზე.
2014 წლის 24 ოქტომბერს გადაბაძემ, ისე, რომ არ მოუწვევია პარტნიორთა კრება, გადასცა „მაესტროს" სასაქონლო ნიშანი კიკაბიძის მიერ ერთი კვირით ადრე დაფუძნებულ კომპანიას „ტელეკომპანია მაესტროს". როგორც კი ეს ფაქტი ცნობილი გახდა გია გაჩეჩილაძისთვის, მან შეიტანა სარჩელი ამ გარიგების ბათილად გამოცხადების მოთხოვნით. გადაბაძემ მოიწვია კრება და სცადა მოწონების აღება მის მიერ წესდების და კანონით დარღვევით დადებულ გარიგებაზე. 2015 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ კრებას გადაბაძე ისევ არ დაესწრო, თუმცა ადვოკატებმა, რომლებიც მას წარმოადგენდნენ კრებაზე, განაცხადეს, რომ ბრენდის უფასოდ გადაცემამდე გადაბაძეს არ აუღია წერილობითი იურიდიული დასკვნა, ასევე დაეყრდნო კიკაბიძის ზეპირ განცხადებას, რომ ის „მაესტროს" უვადო და უსასყიდლო ლიცენზიას მისცემდა. თუმცა, ეს გარიგება წერილობით არ გაფორმებულა, როგორც ამას კანონი მოითხოვდა. ამჟამად თავისი ბრენდით სარგებლობას „მაესტრო" საქპატენტში რეგისტრაციის ან სალიცენზიო ხელშეკრულების გარეშე ახორციელებს, რაც რისკის შემცველია მისთვის", - ნათქვამია ირაკლი კორძახიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.