შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, შსს-ს ქართული წარმომავლობის 325 ე.წ. კანონიერი ქურდი ჰყავს აღრიცხული. მისივე თქმით, მათი მცირე ნაწილი საქართველოში, საპყრობილეებში იმყოფება, ხოლო დიდი ნაწილი არის პოსტსაბჭოთა სივრცეში და ევროკავშირის ქვეყნებში.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქართული წარმომავლობის 325 ე.წ. კანონიერი ქურდი ჰყავს აღრიცხული. ორგანიზებული დანაშაული საქართველოში არის მინიმალურ დონეზე. ყველა შეფასებით, დანაშაულის სტატისტიკით, იმ სტანდარტებით რაც არის ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენთან ორგანიზებული დანაშაული არის მინიმალურ დონეზე", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღეს პარლამენტის ორ კომიტეტს რატიფიცირებისთვის საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის გაფორმებული შეთანხმება წარუდგინა. კომიტეტებმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა.