logo_geo
eng_logo
ოფიციალური მოსკოვი ლუჟკოვის შავ სიაში შეყვანას პროვოკაციას უწოდებს
- +

15 მაისი. 2017. 23:01



რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შსს-ს მიერ მოსკოვის ყოფილი მერის შავ სიაში შეყვანას, ოფიციალური თბილისის მორიგ პროვოკაციას უწოდებს. ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.


„ყურადღება მივაქციეთ საქართველოს ხელისუფლების განცხადებას, მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის „არასასურველი პირების" სიაში შეყვანის შესახებ, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოფნის გამო შეიყვანეს. როგორც ვხედავთ, ოფიციალური თბილისი სისტემატურ პროვოკაციებს აგრძელებს, რომელიც ძირს უთხრის რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების პროცესს", - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.


რუსეთის საგარეო უწყება დასძენს, რომ უჭირს ოფიციალური თბილისის ქმედებას რაციონალური ახსნა მოუძებნოს იმიტომ, რომ „ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებას საგრძნობი მოგება მოაქვს ეკონომიკისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის."


ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს შეაფასონ საქართველოში მოგზაურობის რისკები, ვინაიდან „დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო, რომელიც ქართულმა მხარემ გაწყვიტა, თბილისში მდებარე შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციას, საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, შეზღუდული შესაძლებლობები აქვს."


იური ლუჟკოვი მეუღლე ელენა ბატურინასთან და მეგობრებთან ერთად საქართველოში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა. 11 მაისს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მოსკოვის ყოფილ მერს, იური ლუჟკოვს შავ სიაში შეიყვანენ და ის საქართველოში ვეღარ შემოვა. ეს გადაწყვეტილება იური ლუჟკოვისთვის გაუგებარია. ამის შესახებ, მან თავად განაცხადა. ლუჟკოვის თქმით, საქართველოში ჩამოსვლას სექტემბერშიც გეგმავს.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner