„საპარლამენტო უმრავლესობა რომ საერთოდ არ იყოს ამ ეტაპზე, ესეც არ არის კატასტროფა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ კოალიციიდან „ეროვნული ფორუმის" გასვლის შესახებ საუბრისას განაცხადა. ფოფხაძის თქმით, თავის დროზე ყველა მიეჩვია, რომ ქვეყანაში ყოველთვის იყო უმრავლესობა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ რეალურად არ არსებობს ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ერთობა, რომ პარლამენტში 100 კაცზე მეტი ერთ ჭკუაზე იყოს.
„ეროვნულ ფორუმსა" და „რესპუბლიკელებს" შორის ცოტა განსხვავებული მოცემულობაა, იმიტომ, რომ „რესპუბლიკელები" მთავრობაში მინისტრები არიან. სამთავრობო კოალიციის წევრები არ არიან „ფორუმელები". ეს მოცემულობა „ფორუმისთვის" ცოტა განსხვავებული იყო. მე ყოველთვის ვგრძნობდი იმას, რომ კოალიციაში სუბიექტებს ჰქონდათ იმის განცდა, რომ უნდოდათ იდენტიფიცირება, უნდოდათ დაეფიქსირებინათ, რომ ისინი რაღაცის ნაწილები კი არიან, მაგრამ არიან როგორც დამოუკიდებელი სუბიექტები. „ფორუმი" ალბათ ამ პერიოდს გამოიყენებს მაქსიმალურად იმისთვის, რომ როგორც თავისი დამოუკიდებელი სახე წარმოაჩინოს საზოგადოების წინაშე, ასევე პარლამენტში რაღაც დონეზე დამოუკიდებელი პოზიციები დააფიქსიროს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.