საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობის აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-რეალიზაცია-გადაზიდვის ფაქტზე, ორი პირი დააკავა.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, წყალტუბოს რაიონში საკუთარი საცხოვრებელი სახლის სხვენში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებრებულ უაქციზო სიგარეტს, კერძოდ, 29 239 კოლოფ „Master"-ს, რომლის ნაწილიც, 7 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ,,Master" გაასაღა ერთ-ერთ ბრალდებულზე. საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნული პირი დააკავა პროდუქციის გადაზიდვის მომენტში, ხოლო დანარჩენი უაქციზო სიგარეტი ამოიღო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6- დან 8 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.