ავტორი ალა გრიგალაშვილი
პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სახალხო დამცველს ეკლესიის და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებში ადანაშაულებს. როგორც ბრეგაძემ „რეპორტიორს" განუცხადა, უჩა ნანუაშვილი ცდილობს, შეავიწროვოს მართლმადიდებელთა უფლებები და შეურაცხყოს რწმენა, რაც სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშშიც ნათლად გამოჩნდა.
„უახლოეს ხანში დავიწყებთ შესაბამის იურიდიულ პროცედურებს, რათა თანამდებობიდან გადაყენებულ იქნას ეკლესიის და მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტერი, სახალხო დამცველად წოდებული უჩა ნანუაშვილი. სახალხო დამცველის ანგარიში ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რომელმაც ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო.
„მოსწავლეები ორგანიზებულად დაჰყავთ მართლმადიდებლურ ტაძრებში ან სასულიერო პირებს სკოლებში იწვევენ, ხდება მოსწავლეების დალოცვა, ანთებენ სანთლებს" - ყოველივე ეს დანაშაული ყოფილა ბატონი ნანუაშვილისთვის. მართლმადიდებლებისადმი სიძულვილით გაჟღენთილი ეს ტექსტი სახალხო დამცველის ანგარიშიდანაა. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიზანმიმართულად, მუდმივად და ინტენსიურად ცდილობს, შეავიწროვოს მართლმადიდებელთა უფლებები, შეურაცხყოს ჩვენი რწმენა, მომავალ თაობებს უკრძალავს ლოცვას და სხვა რელიგიური რიტუალების ჩატარებას. ცალსახაა, რომ სახალხო დამცველად წოდებული პირი ღიად ეწევა მართლმადიდებელთა დისკრიმინაციას. მისმა ზღვარგადასულმა ზიზღმა მართლმადიდებელთა მიმართ ყველა დასაშვებ ნორმას გადააჭარბა. ეს გაურკვეველი წარმოშობის სუბიექტი ჩვენი შვილების ექსკურსიაზე ტაძრებში წაყვანის აკრძალვას ითხოვს, სანთლის დანთებას და ლოცვას უკრძალავს. როდესაც ჯვრის მონასტერი შეურაცხყვეს და არაბული წარწერები მიაწერეს, მივმართე, ხმა ამოეღო; როდესაც პატრიარქს ქვეყნის მტერი უწოდა ჰომოსექსუალთა ლიდერმა, მივმართე, ხმა ამოეღო; როდესაც მართლმადიდებლებს თავს დაესხენ, მივმართე, ხმა ამოეღო - მაგრამ არცერთხელ ხმა არ ამოუღია და მართლმადიდებელთა ინტერესები არ დაუცვია. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს სუბიექტი სახალხო დამცველი კი არა, არამედ პროვოკატორი და მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტერია. იმდენად მზაკვარი პროვოკატორია, რომ ცდილობს რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტები წარმოშვას, ხოლო შემდეგ ყოველივე ეკლესიას დააბრალოს. აღმსარებლობით სექტანტია და თავისი ოდიოზური სექტის ინტერესებს ემსახურება. თითოეული დღე მისი ყოფნისა სახალხო დამცველის პოსტზე არის სერიოზული საფრთხის შემცველი, ხოლო მისმა ბრძოლამ მართლმადიდებლური სარწმუნოების წინააღმდეგ ამაზრზენი ხასიათი მიიღო. ვფიქრობ, საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ და მოვითხოვოთ ამ სუბიექტის გადაყენება სახალხო დამცველის პოსტიდან. მართლმადიდებლობის და ქართველობის მოძულეს არაფერი ესაქმება ამ უმნიშვნელოვანეს პოსტზე. მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენს ინციატივას და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. ამ მოთხოვნას ალტერნატივა არ აქვს. მოგმართავთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომ აღასრულოთ საქართველოს მოსახლეობის ნება და დაიწყოთ შესაბამისი პროცედურები იმპიჩმენტის განსახორციელებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმის გამოყენებით ქართველი ერი თავად აღასრულებს თავის ურყევ ნებას!" - განაცხადა ბრეგაძემ.